ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კლდის ფერდობი ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ, დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. განცხადებით ვიგებთ, რომ გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
“გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა.
გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა.
მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ.”- ნათქვამია განცხადებაში.