3 წელია ქუთაისის მერია 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას ვერ ასრულებს – ფლანგვის დეტექტორი

3 წელია ქუთაისის მერია 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას ვერ ასრულებს – ინფორმაციას ამის შესახებ, ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.  მერიას გაცემული დაპირება მხოლოდ 2021 წლის სექტემბერში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაახსენდა და კიბის სარეაბილიტაციოდ სექტემბერში ტენდერი გამოაცხადა.

გაიმარჯვა, ბრიტანია ქონსთრაქშენმა, რომელმაც სამუშაოების განხორციელება მერიას 673,821 ლარად შესთავაზა. როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, 2021 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება არაუმეტეს 80,446 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი ანაზღაურდება 2022 წლის ბიუჯეტით.

თუმცა, ეს პირველი ტენდერი არ არის. ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი კიბის სარეაბილიტაციოდ 2020 წლის აპრილში გამოაცხადა. მაგრამ, მალევე, მას შემდეგ რაც გამარჯვებული კომპანიის ქართულ ოცნებასთან შესაძლო კავშირის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ტენდერი შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიისათვის მარტივი, არც ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ყოფილა. 2019 წლის ივლისი-სექტემბრის თვეში მერიამ დოკუმენტების შესადგენად 3-ჯერ გამოაცხადა ტენდერი.

დაპირების გაცემიდან დღემდე ასევე ცვლილებები შევიდა მერიის ესკიზებშიც. თავდაპირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მერიამ 2018 წელს გაასაჯაროვა, დაგეგმილი იყო კიბის საფეხურების მიმდებარედ ამფითეატრის, თეთრი კოლონადების და შადრევნის მოწყობა. მიმდინარე მონაცემების მიხედვით კი პროექტი მეტ გამწვანებას, შეცვლილ განათებას და სხვა დეტალებს მოიცავს.

კიბის სარებილიტაციოდ ქუთაისის მერიას 3 წელზე მეტი დაჭირდა, ამ ეტაპზე ტენდერი დასრულებულია, თუმცა როდის დაიწყება და დასრულდება რეაბილიტაცია ჯერ უცნობია.

მერიის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე, არა მხოლოდ კიბის რეაბილიტაციის დაპირების შეუსრულებლობა, არამედ სხვა მრავალი შემთხვევა მიუთითებს, მათ შორის თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დროშის სადგამის დამოტნაჟება, რომელზეც ტენდერი სულ რაღაც 6-ჯერ გამოაცხადეს. პარალელურად, ქუთაისის მერია წლიდან წლამდე მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტსაც კი ვერ ითვისებს.

მაგალითად, იხილეთ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში: ინფრასტრუქტურის განვითარება – ნაცვლად 19,629,700 ლარისა, აითვისეს 16,010,900, შესრულება 82%; განათლება – ნაცვლად 15,670,800 ლარისა, აითვისეს 12,272,800, შესრულება 78%; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – ნაცვლად 5,208,400 ლარისა, აითვისეს 4,577,000 ლარი, შესრულება 88%; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – ნაცვლად 996,700 ლარისა, აითვისეს 805,000 ლარი, შესრულება 81%”, – წერია განცხადებაში.