ჯერ კიდევ 19–ე საუკუნიდან, როცა გათხრებისას აღმოჩენილი დინოზავრების ნარჩენები პირველად აღწერეს სამეცნიერო ლიტერატურაში, მათზე ბევრი რამ შევიტყვეთ. თუმცა, ფართო საზოგადოების ცოდნა მათ შესახებ ძირითადად მასკულტურის სტერეოტიპებს ეფუძნება, მაგალითად ცნობილი ფილმის, “იურიული პერიოდის პარკის“ მიერ შექმნილ სტერეოტიპებს.
პალეონტოლოგები ათწლეულებია ცდილობენ გაფანტონ მცდარი მითები დედამიწის უძველეს ბინადრებზე, რომლებსაც შეცდომაში შეყავთ საზოგადოება, ამავე დროს ცდილობენ თვითონაც დააზუსტონ, ან სრულიად გადასინჯონ მათ შესახებ აქამდე არსებული საკუთარი წარმოდგენები.
გთავაზობთ რამდენიმე პოპულარულ, თუმცა არცთუ მთლად სწორ, მოძველებულ ან სულაც მცდარ წარმოდგენას:
დინოზავრები სრულად გადაშენდნენ დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების შემდეგ
მართლაც, დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ დინოზავრებს შავი დღე დაუდგათ: 10–15 კილომეტრის დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას შეეჯახა და თანამედროვე მექსიკის ყურის ადგილზე უზარმაზარი კრატერი დატოვა. ამ შეჯახებამ “ბირთვული ზამთრის“ ეფექტი წარმოქმნა.
მეცნიერების შეფასებით კლიმატის ცვლილებისა და საკვების შემცირების გამო შემდგომი ათასწლეულების განმავლობაში თანდათანობით გადაშენდა პლანეტაზე მცხოვრები ცხოველების 75%, რადგან მათ ვერ შეძლეს ახალ რეალობასთან ადაპტირება, კერძოდ კი ყველა ოთხფეხიანი, რომელთა წონა 25 კილოგრამზე მეტი იყო. თუმცა, ზოგიერთი დინოზავრი მაინც გადარჩა.
ლონდონის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმის პალეონტოლოგი, პოლ ბარეტი ამობს, რომ ესენი იყვნენ ბუმბულით დაფარული შედარებით მცირე ზომის არსებები, რომელთა შთამომავლებს დღესაც ვხვდებით.
“ფრინველებიც ფაუნის იმავე კლასს განეკუთვნებიან. ისინი თანამედროვე დინოზავრები არიან. თუ გავითვალისწინებთ ფრინველების არსებულ სახეობებს, დღეისათვის დედამიწაზე უფრო მეტი დინოზავრია, ვიდრე 66 მილიონი წლის წინ იყო“– ამბობს ის.
ტირანოზავრისგან თავის გადარჩენა ადგილზე გაშეშებით იყო შესაძლებელი
ორფეხიანი Tyrannosaurus Rex, ანუ “ხვლიკი–ტირანი“, რომლის სიმაღლე 10–13 მეტრი იყო და 8–9 ტონას იწონიდა, ხმელეთზე ოდესმე მცხოვრები უდიდესი ცხოველია.
ის უკიდურესად პოპულარული გახდა 1993 წელს იურიული პარკის სერიის პირველი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, რომელშიც ადამიანებს ატერორებს.
ფილმში ტირანოზავრი გამოყვანილია როგორც ცუდი მხედველობის მქონე მონსტრი, რომელსაც მსხვერპლის ამოცნობა მხოლოდ მოძრაობით შეუძლია.
ეს დედამიწის ბინადარ ცხოველთა ზოგიერთი სახეობისთვის დამახასიათებელია, თუმცა არა ტირანოზავრებისთვის, ამბობს პროფესორი ბარეტი.
“დინოზავრებს მახვილი თვალი ქონდათ. 15 წლის წინ გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებით ტირანოზავრს საერთოდ ყველაზე კარგი მხედველობა ქონდა დედამიწის ბინადართა შორის. იმაზე დიდი სისულელე არაფერი იქნებოდა, ვიდრე მისი დანახვისას ადგილზე გაშეშება“– ამბობს პროფესორი.
ტირანოზავრს ავტომობილისთვის გასწრება შეეძლო
“იურიული პერიოდის პარკის“ დრამატულ სცენაში ტირანოზავრი ეწევე საექსკურსიო ჯიპს .
მეცნიერების გათვლების მიხედვით ტირანოზავრს ნადავლზე ნადირობისას მართლაც შეეძლო 50 კილომეტრ საათამდე სიჩქარე განევითარებინა, თუმცა უფრო თანამედროვე და დახვეწილმა ექსპერიმენტებმა კომპიუტერული მოდელირებისას აჩვენა, რომ ეს მრავალტონიანი მონსტრები უფრო ნელა დარბოდნენ – დაახლოებით 20–30 კმ/საათში სიჩქარით, ანუ მათ არ შეეძლოთ მანქანას დაწეოდნენ.
ამასთან, როგორც იელის უნივერსიტეტის ნაციონალური ისტორიის მუზეუმის თანამშრომელი, დოქტორი მარიანა დი ჯაკომო ამბობს, არის არსებითი განსხვავება მოკლე დისტანციაზე მაქსიმალურ სიჩქარესა და იმ სიჩქარეს შორის, რომლითაც ცოცხალ არსებას მისთვის კომფორტულად შეუძლია დიდ დისტანციაზე გადაადგილება.
“მარათონელები სპრინტერებზე ნელა დარბიან, სპრინტერული დისტანცია კი გრძელი არასოდეს არის. შეიძლება ტირანოზავრს შეეძლო კიდეც დიდი სიჩქარის განვითარება მოკლე მონაკვეთზე, თუმცა ავტომობილთან შეჯიბრი მას ნამდვილად არ შეეძლო“– ამბობს ის.
დინოზავრების კლონირება შესაძლებელია
დინოზავრები მილიონობით წლით ადრე გაქრნენ, ვიდრე პირველი ადამიანები გაჩნდებოდნენ, და დიდი ალბათობით მათ რამენაირად ხილვად მომავალში ვეღარც ვიხილავთ. თუმცა, სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად ცნობილ კინოფილმს, რომელიც მაიკლ კრაიტონის იმავე დასახელების წიგნის მიხედვით შეიქმნა.
მთავარი მიზეზი ის არის, რომ დნმ ასე დიდხანს არ ინახება.
“დნმ–ის უძველესი ნიმუშები, რომლებიც გათხრებისას აღმოჩნდა დაახლოებით ორ მილიონ წელს ითვლის და ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, რომლებიც ბაქტერიებს, სოკოს და ა.შ. ეკუთვნით. ცხოველის ყველაზე ძველი დნმ–ს ნიმუში 50 ათას წელს არ აღემეტება. ამ დროითი ჩარჩოს მიღმა ჩვენ არ გაგვაჩნია გადაშენებული ცხოველების და მცენარეების დნმ, ამიტომ დინოზავრების კლონირების მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი“ – ამბობს პროფესორი ბარეტი.
დოქტორი დი ჯაკომი ამ მოსაზრებას ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ დინოზავრების გენეტიკის შესწავლაში სერიოზული გარღვევაც კი არ ნიშნავს პრაქტიკაში მის წარმატებით გამოყენებას.
“სახეობის კლონირება, ვისი არსებობაც ჩვენგან გეოლოგიური ეპოქებით არის დაშორებული უკიდურესად რთული ამოცანაა. ძალიან ბევრი რამ უცნობია“– ამბობს ის და დასძენს, რომ არსებობს ეთიკური მომენტებიც.
“იურიული პერიოდის პარკის ფილმებიც გვიჩვენებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მათი შემქმნელების ყურადღება მთლიანად არის კონცენტრირებული საფრთხეებზე და ნეგატიურ შედეგებე ადამიანებისთვის. თუმცა არანაკლები სისასტიკე იქნებოდა თავად დინოზავრების მიმართ მათი იმ სამყაროში გადაყვანა, რომელთანაც სრულიად არ არიან თავსებადი და ადაპტირებული“– ამბობს ის.
დინოზავრები სულელი არსებები იყვნენ განუვითარებელი ტვინით
თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრი ახალი მონაცემი გააჩინა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ დინოზავრები.
ირკვევა, რომ ყველა მათგანი გონიერებით არ გამოირჩეოდა, თუმცა ყველა მათგანი არც სულელი იყო. ისინი ზუსტად იმდენად აზრიანები იყვნენ, რამდენადაც მათი საცხოვრებელი გარემო მოითხოვდა – ამბობს დოქტორი ჯაკომო.
პროფესორი ბარეტი თვლის, რომ ბევრი დინოზავრი საკმაოდ ჭკვიანი იყო, განსაკუთრებით შედარებით მცირე ზომის მტაცებლები.
“ზოგიერთი მათგანი ღამით ნადირობდა უფრო მსხვილ მეტოქეებთან კონკურენციის თავიდან ასარიდებლად. ადაპტაციისა და ინფორმაციის გადამუშავებისთვის საკმაოდ დიდი ტვინი იყო საჭირო, გარდა ამისა კარგი სმენა, მხედველობა და ყნოსვა– ამბობს პროფესორი.
დინოზავრები ცუდი მშობლები იყვნენ
ას წელზე მეტხანს ითვლებოდა, რომ დინოზავრები დაუნდობელი და უგულო მარტოხელები იყვნენ და არ ზრუნავდნენ შთამომავლობაზე. თუმცა 1970–80–იან წლებში მეცნიერებმა მოიპოვეს მონაცემები მათი უფრო რთული სოციალური ქცევის შესახებ.
77 მილიონი წლის წინ მცხოვრები ბალახისმჭამელი დინოზავრების სახეობამ მკვლევარებისგან სახელად მაიაზავრი მიიღო. ძველბერძნული და ლათინური სიტყვებისგან შემდგარი დასახელება “კარგ დედას“ და “ხვლიკს“ ნიშნავს.
კიდევ უფრო შორს მიდის ახალი კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Scientific Reports–ში გამოქვეყნდა. კვლევაში ნათქვამია, რომ 193 მილიონი წლის წინ დინოზავრები ჯოგებს ქმნიდნენ და შვილებზე ზრუნავდნენ.
“რაც უფრო მეტს ვიგებთ დინოზავრებზე, უფრო კარგად გვესმის, რომ რიგ შემთხვევებში ისინი კარგი მშობლები იყვნენ. თუმცა, რა თქმა უნდა არა ყველა“ – ამბობს პროფესორი ბარეტი.
დოქტორი ჯაკომო ამბობს, რომ დინოზავრებს შეეძლოთ საკუთარ შთამომავლობაზე ზრუნვა. ზოგიერთი მათგანისთვის, კერძოდ მტაცებელი ალოზავრებისთვის ნაცნობი იყო მშობლიური გრძნობა. Citipati osmolskae–ს სახეობის დედა დინოზავრს სახელად “დიდ დედას“ უწოდებენ, რადგან გათხრებისას აღმოჩენილი ძველების განლაგება კარგად აჩვენებს, რომ ის კვერცხებზე იჯდა.