9 მაისის აღლუმი წითელ მოედანზე მცირერიცხოვანი იქნება–თავდაცვის სამინისტრომ გეგმა გამოაქვეყნა

9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი უფრო მცირერიცხოვანი იქნება, ვიდრე წინა წელს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.  იქნება ნაკლები ტექნიკა და ხალხი. უკვე ცნობილია, რომ წელს არცერთი უცხოელი ლიდერ მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად არ ჩავა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საზეიმო კოლონების შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, 2022 წლის აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 129 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, როცა გასულ წელს აღლუმში 191 სამხედრო მანქანა მონაწილეობდა.

ფეხოსანთა კოლონებში სამინისტროს ინფორმაციით დაახლოებით 10 ათასი ადამიანი გაივლის, მათ შორის კაზაკები, ბავშვები გასამხედროებული დივიზიონი“იუნარმიადან“ და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. 2021 წელს აღლუმში 12 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აღლუმის საავაიაციო ნაწილი 2022 წელს ერთი საფრენი აპარტით გაიზარდა– მონაწილეობას მიიღებს 77 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კოლონების გავლის თანმიმდევრობაც გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის ზოგიერთი ტიპი, რომლებიც 2021 წელს აღლუმში მონაწილეობდა, წელს აღარ იქქნება.

მაგალითად, ტანკი Т-80БВМ,  თვითმავალი საარტილერიო დანადგარები 2С35 “Коалиция-СВ”, მძიმე ყუმბარმტყორცნი სისტემები  ТОС-1А “Солнцепек”, დისტანციური დანაღმვის საინჟინრო სისტემის მანქანები “Замедление”, საზენიტო კომპლექსი “Панцирь-С”, ასევე როსგვარდიის მანქანები.

ამ ჩამონათვლიდან ტანკი Т-80БВМ,  ყუმბარმტყორცნი სისტემები  ТОС-1А “Солнцепек” და საზენიტო კომპლექსი “Панцирь-С” უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ნამდვილად მონაწილეობენ.

პარასკევს კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წელს გამარჯვების დღის აღსანიშნავ ზეიმზე უცხოელი ლიდერები, მათ შორის პუტინის ბელორუსი მოკავშირე არ მიუწვევიათ. პესკოვმა ეს იმით ახსნა, რომ “წელს საიუბილეო თარიღი არ არის“. საიუბილეო თარიღი არც შარშან იყო, თუმცა მოსკოვში აღლუმზე ჩავიდა ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი.

მიზეზები, რომელთა გამოც 2022 წლის აღლუმი წინაზე მცირერიცხოვანი იქნება, ოფიციალურად არ სახელდება.