ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი თქვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ამის შესახებ ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ მედიასთან განაცხადა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ხოშტარიას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. ელენე ხოშტარიამ ადვოკატის ყოლაზე და პროცესზე გამოცხადებაზე უარი გუშინ, 16 სექტემბერს, თქვა.

„ქალბატონმა ელენემ უარი განაცხადა სახლმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე, შესაბამისად მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. საქმის მასალები გადმომეცა თუმცა სხვა კომუნიკაცია მასთან არ მქონია. […] პროცესი დანიშნულია 4-ის ნახევარზე და მე ვალდებული ვარ პროცესზე გამოვცხადდე. […] საქმის მასალებს უნდა გავეცნო, როგორც გითხარით, ნახევარი საათის წინ გადმომეცა, ჩანთაში მაქვს საქმის მასალები. ნახევარ საათში, ბუნებრივია, საქმის მასალებს ვერ გაეცნობი სრულყოფილად. […] როგორც ჩემთვის ცნობილია, საპატიმრო უზრუნველყოფით შედის პროკურატურა, როგორც ჩემთვის ცნობილია, სხვა მეტი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, საქმის მასალებს უნდა გავეცნო სრულად, თუ მოვასწარი კიდევ, რა თქმა უნდა, ნახევარი საათი მაქვს დრო“, – თქვა ირაკლი ბენიამ.

ელენე ხოშტარია  15 სექტემბერს დააკავეს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.