პროკურატურამ ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

 

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა, არ მოახდინა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის გადაცემა ინვესტორისათვის და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით” – წერია განცხადებაში.