“ქართულმა ოცნებამ” ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა

“ოცნების” პარლამენტმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებისა და ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ინიციატივა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.მესამე მომსენით, 83 მხარდამჭერი – 0 წინააღმდეგი, რეჟიმმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა.

ძალადაკარგულად ცხადდება ორი კანონი: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“.

დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1 იანვრიდან იქნება ლიკვიდირებული.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საშუალებას იძლევა დასრულდეს წარსულში გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც, დეპუტატის შეფასებით, 2005–2008 წლებში და შემდგომაც გრძელდებოდა.

“დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს “შესაწირი პაიკის” როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა.

ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ “სამხრეთ ოსეთის” ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი “სამხრეთ ოსეთი” ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს.

შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის” გაუქმების შესახებ”. – განაცხადა პაპუაშვილმა.