პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ, ავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს – გორდულაძე „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში ვიზიტზე

პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ, ავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს –  ამის შესახებ “ქართული ოცნების” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან “ოპოზიციური ალიანსის” აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

“ძველი “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა პარტიაში იყო დაქსაქსული, ახლა გაერთიანებულია. მათი გაყრა და შეყრა არაერთხელ გვინახავს, რის უკანაც მხოლოდ მათი პატრონების გადაწყვეტილება დგას. მათ არავინ ეკითხება, არც რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას, არც ერთმანეთთან თანხმობას, არც ერთმანეთთან დაპირისპირებას და არც სადმე გამგზავრებაS. მთავარია ის, რაზე შეიძლება წავიდნენ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში” გაერთიანებული პირები? – იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ, გააშავონ და როგორმე, თავიანთი წარმატების რაიმე შანსი მაინც გააჩინონ. ეს პარტიები თავიანთ მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი”, – განაცხადა გორდულაძემ.