რუსეთის საგარეო დაზვერვა შიშობს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევნებში მსოფლიო პატრიარქი ჩაერევა

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვა  ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქობის საკუთარ კანდიდატებს ლობირებს.

განცხადებაში ნათქვამია:

“რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვაში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე კვლავაც დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გაყოფისკენ მიმართულ ვერაგულ ხაზს, ხელმძღვანელობს პრინციპით — „გაყავი და იბატონე“. ამჯერად იგი ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისარგებლოს რა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებით.

ფანარელი ცდილობს, ვაკანტურ პოზიციაზე წარადგინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიის  ისეთი წარმომადგენელი, ვისზეც შეძლებს დაყრდნობას. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). საკუთარ ახლო გარემოცვაში ის მათ წარმოაჩენს, როგორც მის ნების საუკეთესო შემსრულებლებს.

საეკლესიო წრეებში აღნიშნავენ, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა კონსტანტინოპოლელი განხეთქილების შემტანის  მუდმივ თანმხლებ თვისებად იქცა. მისი მოქმედებებით „ღირსებით  პირველობა“ კვლავაც ჩანაცვლებულია „ძალაუფლებით პირველობით“, როცა იგი ერევა კიდევ ერთი ეკლესიის — თანაც ერთ-ერთი უძველესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის — შიდა საქმეებში. აშკარაა, რომ იგი, ისევე როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევებში, ივიწყებს II მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე წესს: „საეპისკოპოსოებმა არ უნდა გაავრცელონ თავიანთი ხელისუფლება იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათი ოლქის ფარგლებს გარეთ მდებარეობს…“– წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში.