{{ARTICLEIMAGE}}
ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას 10 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე გააპროტესტებენ. ასეთი შინაარსის ღონისძიება სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაიგეგმა.
“ჩვენ ცხოველთა მოყვარულები, ცხოველთა დამცველები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ვერასდროს ვერ შევეგუებით და ვერ გავიგებთ ამ უსამართლობას და ამ ძალადობას, ვერთიანდებით ერთად ჩვენი ოთხფეხა მეგობრისთვის”, წერია ღონისძიების აღწერაში.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციებს გამართავენ, ვიდრე არ გამკაცრდება კანონი და არ დაისჯებიან დამნაშავეები: “ცხოველებისათვის უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ყველას, ვინც ცხოველს შეიფარებს და ყველა უბანში თბილი სახლები დაიდგას”.
როგორც ცნობილია, 8 იანვარს ბელიაშვილის ქუჩაზე მოქალაქემ ტომარაში გახვეული ძაღლი იპოვა. ძაღლს თავის არეში, სავარაუდოდ, ნაჯახით ჰქონდა მიყენებული დაზიანებები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 259-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.










