თეთრ სახლთან აკრედიტებული კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ესწრებოდა, სროლა მოხდა. სახელმწიფოს პირველი პირების ევაკუაცია სასწრაფოდ მოხდა, ღონისძიება კი ერთი თვით გადაიდო.სავარაუდო მსროლელი დაკავებულია, მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
გასროლის მსგავსმა ხმა სასტუმრო Washington Hilton-ის მისაღებ დარბაზში მაშინ გაისმა, როცა ღონისძიება კარგა ხნის დაწყებული იყო.
ამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დარბაზში იარაღმომარჯვებულები შევარდნენ. და ყვიროდნენ: „გასროლებია!“

მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ გაარიდეს ტერიტორიას. მათ შორის იყვნენ თავად დონალდ ტრამპი, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი.
ვახშმის მონაწილეები პირველივე გასროლების შემდეგ მაგიდების ქვეშ დაიმალნენ.

„მე პირდაპირ FBI-ის დირექტორ კაშ პატელის წინ ვიჯექი და როცა, არსებული ცნობებით, გასროლები გაისმა, მან სწრაფად გადაფარა თავისი შეყვარებული საკუთარი სხეულით და იატაკზე დაეცა“, — ჰყვება BBC-ის კორესპონდენტი სუმი სომასკანდა.
მისი თქმით, რამდენიმე წუთის შემდეგ საიდუმლო სამსახურის აგენტმა ოთახში მყოფ სხვა აგენტებს ანიშნა, რომ პატელი უსაფრთხოდ იყო და მისი ადგილსამყოფელი დადგენილი ჰქონდათ. „როცა ყველამ ადგომა დავიწყეთ, პატელმა ტელეფონზე შეტყობინებების წერა დაიწყო. ვცადეთ გვეკითხა, იცოდა თუ არა, რა მოხდა, მაგრამ ის მაშინვე გაიყვანეს“, — თქვა სუმი სომასკანდამ.
ცოტა ხანში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინციდენტის შემდეგ პირველი განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
„ვაშინგტონში საღამო შესანიშნავი იყო. საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს. ისინი სწრაფად და გაბედულად მოქმედებდნენ“, — დაწერა ტრამპმა.
მან დაამატა, რომ მსროლელი დაკავებულია.

ამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ენტონი გულიელმიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა სხვა პირი, რომელსაც საიდუმლო სამსახური იცავს, უსაფრთხოდ არიან. მან ასევე დაამატა, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა უცნობია.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა და ქვეყნის პირველმა პირებმა Washington Hilton დატოვეს, ხოლო ღონისძიება მინიმუმ ერთი თვით გადაიდო.
CNN-ის ცნობით, ხელისუფლებამ სავარაუდო მსროლელის ვინაობა დაადგინა: ის 30 წლის მამაკაცია კალიფორნიიდან.
სამართალდამცველი ორგანოების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა „საიდუმლო სამსახურის პოსტი დაესხა თავს“, განაცხადა კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა ჯეფრი კეროლმა.
კეროლის თქმით, მამაკაცი შეიარაღებული იყო საფანტის თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით.
ჯეფრი კეროლმა დააზუსტა, რომ ეჭვმიტანილმა საიდუმლო სამსახურის აგენტს ესროლა, თუმცა აგენტი ჯავშანჟილეტმა დაიცვა. თავად მსროლელს, პოლიციის მტკიცებით, ცეცხლსასროლი ჭრილობები არ მიუღია, თუმცა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევისთვის.
კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსის თქმით, თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
მოგვიანებით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი „ძალიან ავადმყოფი ადამიანი“ იყო.
„ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ის მარტოხელა მკვლელი იყო“, — თქვა ტრამპმა ეჭვმიტანილზე. „ესენი გიჟები არიან. გიჟები არიან და მათთან გამკლავებაა საჭირო“.
ტრამპმა განაცხადა, რომ ღონისძიება მოგვიანებით თარიღში დაინიშნება და დაამატა, რომ მომხდარი პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის, ტრავმული იყო.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი საზოგადოება ხელში ჩაიგდოს“, — თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, თავდაპირველად წასვლა არ სურდა. „სასოწარკვეთილად ვიბრძოდი, რომ დავრჩენილიყავი“, — განაცხადა ტრამპმა. თუმცა მას უთხრეს, რომ პროტოკოლის მიხედვით უნდა წასულიყო, რადგან გაურკვეველი იყო, მოქმედებდა თუ არა მსროლელი მარტო.















