არ მჭირდება ადვოკატი, მინდა მარტო ვიყო – კაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა

არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო, – ასე უპასუხა,  საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილმა მოსამართლეს კითხვაზე, სურდა თუ არა მისი ინტერესები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

“არ ვიცი, ადვოკატი სახაზინოა თუ კერძო. მე ასე მაქვს გადაწყვეტილი. იყოს სახაზინო, კერძოს მე ფულს ვერ გადავუხდი. თუ დედაჩემი ასე თვლის, იყოს ასე, მაგრამ მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო”, – განაცხადა ბრალდებულმა.

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა, მისი უფლებები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.

როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.