ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის აუდიტის სამსახური ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესს შეისწავლის.

რამდენიმე დღის წინ, წვიმის დროს 2 წლის წინ რეაბილიტირებულ ავლაბრის მეტროსადგურში წყალი ჩავიდა.

“გარკვეული პრობლემები შეიქმნა, იმ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ, ავლაბრის მეტროსადგური მაქვს მხედველობაში და ამის კადრები ფართო საზოგადოებამ იხილა. ფაქტობრივად ისევ ისე წვიმდა, როგორც გარეთ, წყალი ჩამოდიოდა და ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ უხერხულობას, დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს. სადგური, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ამორტიზებული, ავარიული, გარკვეული დრო დასჭირდა, პროექტის შეთანხმებას, აღარ მოვყვები, თუ რა პრობლემები ახლდა თან აღნიშნულ რეაბილიტაციას. მაგრამ საბოლოო ჯამში პროექტი განხორციელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არის ხარვეზი, რომელიც აშკარაა და ეს ყველაფერი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. მე მინდა დავავალო ჩვენი აუდიტის სამსახურს, ასევე ჩვენს მოადგილეებს, რომ დავიწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. დაახლოებით, 2 წლის წინ პროექტი განვახორციელეთ და საზოგადოებამ იხილა, რომ ფაქტობრივად სადგურში, ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც გარეთ ისე ჩამოდიოდა წყალი.

წინასწარ არ მინდა ვისაუბრო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კომპანიები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას სამუშაოები შეასრულონ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივად როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. მე არ ვიცი ვისი ბრალია – კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის – აუდიტის სამსახურს ევალება მოიკვლიოს ყველაფერი და თუ საჭიროა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც, აქ კომპანიაზე არავინ არ საუბრობს, საუბრობს ყველა მერიაზე, საუბრობს ყველა ჩვენზე, შესაბამისად, ეს სააქმე და ეს კონკრეტული ფაქტი ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველამ უნდა იცოდეს, ეს იქნება კომპანიები, ვინც სხვადასხვა საქმეს ასრულებს მუნიციპალიტეტის პროექტებზე, რომ პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ხარისხი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა”. – განაცხადა კალაძემ.