პროევროპული აქციების მონაწილეს, ზურა მენთეშაშვილს გზის გადაკეტვის ბრალდებით 9 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 -თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის აქტივისტს ზურაბ მენთეშაშვილის გზის გადაკეტვის საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე.

ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბერს დააკავეს, შესაბამისად მას პატიმრობის ვადა 1 აგვისტოს ამოეწურება.

“რა ხდება ქვეყანაზე, რატომ ვარ აქ? რატომღაც მგონია, რომ თქვენ კარგად იცით ეს ყოველივე და არ დავკარგავ დროს [მიმართავს მოსამართლეს]. ჩემნაირი ადამიანი ბოროტებას ვერ ჩაიდენს, არ ჩაიდენს და აზრადაც არ გაუჩნდება. რატომ ვიმყოფები აქ შვიდი თვეა, მშიერ მდგომარეობაში, რატომ მსჯიდნენ ციხეში ციხით… თემიდა თვალახვეული კი არის, მაგრამ ხელი არ ეშლება დანახვაში და სმენაში. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მინდა დავინახო ჩემი ქვეყანა გამთლიანებული. რა ჰქვია პრეზიდენტს? ყაველაშვილი არა, ბიძინა, ბიძინა. მისი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული ნიცშე რად ღირს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ეს თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, რა მეთქმის. ისეთი დამნაშავე ვარ, ოთხჯერ ვარ დასაჭერი. ასეთად დავიბადე და ასეთად მოვკვდები, სამუდამოც რომ მომისაჯოთ.“– თქვა ზურაბ მენთეშაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

ზურაბ მენთეშაშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროდასავლური აქციების მუდმივი მონაწილე იყო. ის 31 ოქტომბერს ქუჩის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს.

მანამდე ის 24 ოქტომბერს დააკავეს და ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მან 31 ოქტომბერს ისევ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რის გამოც უკვე შეცვლილი კანონმდებლობით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.