უკრაინელმა ექსპერტებმა შეისწავლეს რუსული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ ფრაგმენტები, რომელიც წელს იანვარში უკრაინაზე დარტყმისთვის გამოიყენეს, და დაასკვნეს, რომ ის ცხრა წლის წინ იყო წარმოებული.
უკრაინელი და ამერიკელი სპეციალისტების მონაცემებით, „ორეშნიკი“ არის ექსპერიმენტული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსული РС-26 „რუბეჟის“ ბაზაზე შეიქმნა. ის განკუთვნილია ბირთვული იარაღით დარტყმებისთვის და მისი მოქმედების სიშორე 5 ათას კილომეტრზე მეტია.
უკრაინელი ექსპერტების თქმით, უკრაინაზე განხორციელებული ყველა დარტყმის დროს ამ რაკეტას საბრძოლო ქობინები არ ჰქონდა — მასში გამოყენებული იყო ცარიელი მაკეტები.
პარასკევს უკრაინის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს აჩვენა ელექტრონული კომპონენტები, რომლებიც ამოღებულია რაკეტიდან, რომელიც რუსეთმა იანვრის დარტყმის დროს გამოიყენა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, მაშინ „ორეშნიკის“ დარტყმამ ლვოვში მდებარე ერთ-ერთ სახელმწიფო საწარმოში ბეტონის კონსტრუქციებში მხოლოდ „უმნიშვნელო ხვრელები“ გამოიწვია.
უკრაინელი ექსპერტების ცნობით, ეს რაკეტა 2017 წელს იყო აწყობილი იმ კომპონენტებისგან, რომლებიც 2016 წელს ან მანამდე იყო წარმოებული. ყველა ეს კომპონენტი რუსეთში ან ბელარუსში იყო დამზადებული.
„ჩვენ საკმაოდ გაგვაკვირვა ამან, რადგან ისინი ამბობენ, რომ ეს ძალიან ახალი რაკეტაა, მაგრამ თუ აწყობის წელს შევხედავთ, იქ 2017 წელია მითითებული“, — ციტირებს Reuters სპეციალისტს, რომელმაც ჟურნალისტებს თავი მხოლოდ პეტრის სახელით წარუდგინა.
უკრაინის პრეზიდენტის სანქციური პოლიტიკის საკითხებში რწმუნებულმა ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა, რომ ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ „ორეშნიკის“ კომპონენტებს, რომელიც კიევის ოლქზე ბოლო მასირებული დარტყმის დროს გამოიყენეს — ეს დარტყმა 24 მაისის ღამეს განხორციელდა. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ამ რაკეტის მოხვედრამ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბილა-ცერკვაში ავტოფარეხების ნგრევა გამოიწვია.
სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთმა „ორეშნიკი“ სულ მცირე სამჯერ გამოიყენა.














