სომხეთის ევროვკავშირთან დაახლოების გამო სომხეთში რუსეთის ელჩი მოსკვში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს

რუსული მედიის ინფორმაციით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გამოიძახა — ერევნის ქმედებების გამო.

„რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, სერგეი პავლოვიჩ კოპირკინი, მოსკოვში კონსულტაციებისთვის არის გამოძახებული სომხეთის ხელმძღვანელობის იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას ისახავს მიზნად და ზიანს აყენებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას“, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსული მედია ხაზს უსვამს კონტექსტს: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკას ევროკავშირის წევრობა სურს. თებერვალში ადგილობრივმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

ვლადიმირ პუტინმა მანამდე აღნიშნა, რომ რესპუბლიკას აქვს უფლება, თავად აირჩიოს პარტნიორები, თუმცა ევროკავშირთან საბაჟო კავშირში და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. მან ერევანს მოუწოდა, ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს.

წინა დღეს რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა, ასტანის სამიტის შემდეგ, სომხეთს მოუწოდეს, უახლოეს პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს.

პუტინმა ყაზახეთში ვიზიტის შედეგებზე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შემთხვევაში ერევანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე წვდომას დაკარგავს. მისი თქმით, სომხეთი ავტოგადამზიდავებისთვის მოთხოვნების გამკაცრებას წააწყდება, ხოლო მიგრანტებს რუსეთში სამუშაოდ პატენტების შეძენა მოუწევთ. გარდა ამისა, რესპუბლიკისთვის საწვავის რესურსებზე ფასები გაიზრდება, რაც მას მშპ-ის 14 პროცენტი დაუჯდება.