პოლონეთის პრემიერ მინისტრი, დონალდ ტუსკი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია.
„პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახლა რუმინეთი. უფრო მეტი და მეტი რუსული პროვოკაცია. გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია. საბოლოოდ, ნატო-ში ყველამ ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად მიღება უნდა დაიწყოს“, – წერს ტუსკი X-ზე.
გუშინ რუმინეთში რუსული დრონის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა გააფრთხილა.
„ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ. ასე რომ, ფხიზლად იყავით და არაფერმა გაგაკვირვოთ. მშვიდი ძილი დასრულებულია. თქვენ იცით ვისაც უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ!“, – აღნიშნა მედვედევმა.
მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ არ არის დადასტურებული, რომ დრონები რუსული იყო და შეიძლება ეს იყო უკრაინული დრონები, რომლებსაც მარშრუტი აერიათ. თუმცა, ევროპელი ლიდერებიდან არავის ეპარება ეჭვი, რომ რუმინეთში სწორედ რუსული დრონები შეიჭრნენ.















