7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა

7 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ დედას ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა, 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.