მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად 400 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად  400 000 ლარი გამოიყოფა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერი დღეს 5 ივნისს ტენდერი გამოაცხადა და წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ივნისს დასრულდება.

კვლევის მიზანია მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემების განახლება, დაზუსტება და ახალი, სარწმუნო ინფორმაციის მოპოვება წითელი ნუსხის უახლესი კრიტერიუმების შესაბამისად.

წითელი ნუსხის განახლება ყოველ 10 წელიწადში ხდება. დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მურა დათვის მონიტორინგი, თუმცა სახეობების საკონსერვაციო სტატუსის განახლებისა და პოპულაციის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევა და დაცული ტერიტორიების გარეთ არსებული სივრცის დაფარვაც.

კვლევის შედეგად უნდა მოხდეს:

  • პოპულაციის მდგომარეობის შეფასება;
  • IUCN-ის წითელი ნუსხის კრიტერიუმების მიხედვით საკონსერვაციო სტატუსების განახლება (გამოყენებული უნდა იქნას: “The Guidelines for Using the IUCN Red List Categories and Criteria” version 16 (March 2024);
  • პოპულაციების ზომის, არეალის (EOO, AOO), ჰაბიტატის მდგომარეობისა და საფრთხეების ანალიზი;
  • ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება – გრძელვადიანი გადარჩენის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება. საკონსერვაციო სტატუსის მინიჭებისთვის გამოყენებული უნდა იქნას IUCN-ის გაიდლაინების ბოლო ვერსია.