ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია – პროკურორი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ია დარახველიძე, რომელსაც დღეს სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სავარაუდოდ, საქართველოში არ იმყოფება.მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც და განაცხადა, რომ ინფორმაცია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ, არ გააჩნია.

“როგორც სასამართლომ განმარტა, იგი [ია დარახველიძე] ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც შეეხება სასჯელთან დაკავშირებით, ამის შესახებ განმარტებას სასამართლო გააკეთებს. რაც შეეხება მის ადგილსამყოფელს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ გამაჩნია, თუ იგი სად იმყოფება, თუმცა მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ.  […] იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომებზე, თუმცა დღევანდელ სხდომაზე იგი არ გამოცხადა.” – თქვა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.