აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს. როგორც სააგენტო AP სამშაბათს, 25 აგვისტოს, სახელმწიფო დეპარტამენტის მის ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, საქმე შესაძლოა 200 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელს შეეხოს.
სააგენტოს ინფორმაციით, თუ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა ან არ გადაიხედა, უახლოეს კვირებში სახელმწიფო დეპარტამენტი შიდა უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად გეგმავს გაუუქმოს უცხოელებს 2016–2026 წლებში გაცემული B1 ბიზნესვიზები და B2 ტურისტული ვიზები.
თუ ეს გეგმა განხორციელდა, AP-ის თანახმად, ეს აშშ-ის ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბური ერთდროული გაუქმება იქნება.
ვიზის გაუქმება ავტომატურ დეპორტაციას არ ნიშნავს
სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ტომი პიგოტს ციტირებს, რომლის თქმითაც, უწყების თანამშრომლები შიდა უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ იმ უცხოელების „არაიმიგრაციული ვიზების გამოვლენასა და გაუქმებაზე“, რომლებიც შეერთებულ შტატებში მოკლე ვადით ჩავიდნენ, შემდეგ კი მუდმივად დარჩენის მიზნით თავშესაფარი მოითხოვეს.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ვიზის გაუქმება აუცილებლად არ გამოიწვევს დაუყოვნებლივ დეპორტაციას: თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა სხვა საიმიგრაციო კატეგორიაში გადავა, თუმცა ბიზნეს ან ტურისტული ვიზიტორის სტატუსს დაკარგავს.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით 175 ათასი ვიზა გააუქმა იმ პირებისთვის, რომლებიც დანაშაულისთვის იყვნენ მსჯავრდებული ან ბრალდებული, ასევე მათთვის, ვინც საჯაროდ გამოდიოდა აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ საკითხებში.



