“რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი, რაში უნდა ამხილოს სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა” – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ღარიბაშვილის ცხოვრებაში მთავარი ტრაგედია არის ის რომ მასზე, როგორც კორუმპირებულზე, საუბრობს კალაძე. როდესაც ყველაზე კორუმპირებული ადამიანი – კალაძე შენზე საუბრობს აგდებულად, დამცინავად, რომ შენ ხარ კორუმპირებული, ყველაფრის ღირსი ხარ, რომ აქამდე მიგყავს საქმე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
ღარიბაშვილი საუბრობდა რომ მას და მისი ოჯახის წევრების ემუქრებიან. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე არაადამიანური და არაკაცური საქციელი. ეს არის „ნაცური“ მეთოდიკა. „ნაცური“ მეთოდებით არის გაზრდილი მდინარაძე, მისი გუნდი, ვისაც ეს ყველაფერი დაევალა. წლების განმავლობაში მდინარაძე იყო „კუდის“ ადვოკატი, ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს, 1-ელ ოქტომბერსაც „ნაცებს“ მისცა ხმა, შესაბამისად, მათ იციან ეს სისტემა. ის ხალხი, ვინც დღეს ივანიშვილს ჰყავს სისტემაში, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიების გაზრდილები არიან სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სისტემაში. ამიტომ იგივე მეთოდებია, იგივე პრინციპები. როდესაც ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო და მართლმსაჯულების მიმართ იქნება ნდობა, მაშინ შეიძლება ბევრ კითხვას პასუხი გაეცეს.
დრო გვაჩვენებს, რას იტყვის ღარიბაშვილი დამატებით. რა თქმა უნდა, მან უნდა ისაუბროს, თავისი თავიც უნდა დაიცვას, ოჯახიც და საზოგადოების ინფორმირებაც უნდა მოახდინოს,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.



