ბანგკოკის ბარში ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდის ხელისუფლების ცნობით, ორშაბათის ღამეს ბანგკოკის პოპულარულ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ცხრა კაცი და 18 ქალია. საავადმყოფოებში 60-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს, მათგან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუთინ ჩანვირაკუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზს ადგენენ.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობიდან. ზოგი ყვირის, რამდენიმე ადამიანი კი ძირს ეცემა.

გავრცელებული ცნობით, მეხანძრეებმა ცეცხლის კონტროლქვეშ მოქცევა დაახლოებით ნახევარ საათში შეძლეს.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ იმ მუსიკოსს ესაუბრა, რომელიც ხანძრის დაწყების დროს სცენაზე იმყოფებოდა.

„მან თქვა, რომ ცეცხლი ელექტროგამანაწილებელი ფარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, რის შემდეგაც ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ცეცხლი აგიზგიზდა და ყველა გარეთ გასვლას ცდილობდა“, — განაცხადა ჩანვირაკუნმა.

„ბევრმა ეს ვერ შეძლო, რადგან შენობის უკანა ნაწილში იმყოფებოდა. ისინი ცეცხლისა და კვამლისგან თავის დასაღწევად საპირფარეშოში დაიმალნენ და სწორედ იქ ვიპოვეთ ცხედრების უმეტესობა“, — დასძინა მან.

ბარი ტაილანდის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩატუჩაკის რაიონში მდებარეობს.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრების მიხედვით, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბარის მახლობლად დაღუპულთა ცხედრების გადასატანი ტომრები ჩანდა.

შენობის შიგნით კედლები და ავეჯი მთლიანად დამწვარია, ჭერის ნაწილი კი ჩამოინგრა.

ბანგკოკის გუბერნატორი ჩადჩარტ სიტიპუნტი შემთხვევის ადგილზე მივიდა და განაცხადა, რომ ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ბარის ინტერიერში გამოყენებულმა ადვილად აალებადმა მასალებმა შეუწყო ხელი.

„არსებობს წინასწარი შემზარავი ინფორმაცია, რომ მაგიდები, რომლებზეც ტკბილეული და სხვა საქონელი იყიდებოდა, სახანძრო გასასვლელებს ფარავდა“, — განუცხადა მან გამოცემა Daily News-ს.

მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე დაახლოებით შუაღამისას მივიდნენ. ვარაუდობენ, რომ ხანძარი ადგილობრივმა მძღოლმა დაახლოებით 23:30 საათზე შენიშნა.

ამ ადამიანმა Daily News-ს უამბო, რომ ავტომობილიდან გადმოვიდა და ფანჯრების ჩამტვრევა დაიწყო, რათა შენობაში მყოფ ადამიანებს გარეთ გამოსვლაში დახმარებოდა.