ტრამპმა კონგრესს ირანში საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ ოფიციალურად აცნობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს ირანში საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ ოფიციალურად აცნობა. შესაბამისი წერილი კონგრესის ლიდერებს 10 ივლისს გაეგზავნათ, ხოლო ორშაბათს, 13 ივლისს, ის გაზეთ The New York Times-ის ხელში აღმოჩნდა.

წერილში თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 7 ივლისს ამერიკულმა ძალებმა „ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს თავდაცვითი დარტყმები მიაყენეს“.

The New York Times-ის შეფასებით, ეს შეტყობინება კვლავ ამწვავებს დაპირისპირებას კაპიტოლიუმის ბორცვსა და თეთრ სახლს შორის პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხზე. კონგრესის ორივე პალატამ უკვე დაუჭირა მხარი მოთხოვნას, რომ პრეზიდენტმა ან ომი შეწყვიტოს, ან მისი გაგრძელებისთვის საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა მიიღოს.

თეთრი სახლი კი კვლავ ამტკიცებს, რომ ტრამპი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებს.

ირანის წინააღმდეგ დარტყმები გრძელდება

ამასობაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ — CENTCOM-მა — სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ 13 ივლისს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 16:45 საათზე, უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, ირანის წინააღმდეგ დარტყმების  ზედიზედ მესამე ღამის ოპერაცია დაიწყო.

„ეს დარტყმები კვლავ მიაყენებს ირანის ძალებს მნიშვნელოვან ზიანს და შეასუსტებს მათ შესაძლებლობას, თავს დაესხან მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო გემებს ჰორმუზის სრუტეში“, — განაცხადეს CENTCOM-ში.

სარდლობის განმარტებით, 14 ივლისის საღამოს აშშ ირანის საზღვაო ბლოკადასაც განაახლებს.

„CENTCOM-ის ძალები უზრუნველყოფენ ბლოკადის დაცვას იმ გემების მიმართ, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო რაიონებში შედიან ან იქიდან გამოდიან“, — ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ხაზგასმულია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები კვლავ უზრუნველყოფენ რეგიონულ წყლებში თავისუფალ ნაოსნობას ყველა იმ გემისთვის, რომელიც ბლოკადის პირობებს არ არღვევს.

საზღვაო დრონების პირველი საბრძოლო გამოყენება

CENTCOM-ის ცნობით, ირანის სამხედრო-საზღვაო ობიექტზე თავდასხმის დროს ამერიკულმა ძალებმა უპილოტო საზღვაო აპარატები გამოიყენეს. ეს იყო აშშ-ის ისტორიაში პირველი შეტევითი ოპერაცია საზღვაო დრონების გამოყენებით.

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 12 ივლისს ბენდერ-აბასში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევისას სამი უპილოტო ხომალდი გამოიყენეს.

ამავე დროს ირანმა დრონებით შეუტია კუვეიტში მდებარე ამერიკულ ბაზებს, — იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია IRIB.

დარღვეული ზავი

აშშ-მა და ირანმა 17 ივნისს ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტიდან ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებდა.

თუმცა 25 ივნისს ირანულმა კამიკაძე-დრონმა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ სამოქალაქო ტანკერს შეუტია. საპასუხოდ აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე დარტყმა განახორციელა.

8 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი აღარ მოქმედებდა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ თავად თეირანთან მოლაპარაკებებს აღარ გამართავდა, თუმცა თავის წარმომადგენლებს მათი გაგრძელების უფლებას მისცემდა, თუკი ისინი ამას მოისურვებდნენ.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ნავთობის სანქციებიც აღადგინა.

11 ივლისს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-სთან დახურულ მოლაპარაკებებზე ჰორმუზის სრუტეში გემებზე განხორციელებულ ახალ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „სისტემის უკონტროლო ელემენტებს“ დააკისრეს.

„მათ გვითხრეს: ‘ჩვენ ჩავფლავდით. შეცდომა დავუშვით. მოდი, ვისაუბროთ’“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ ვაშინგტონში.