„გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია. ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი და ის მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებით ვხედავთ. ის მხოლოდ ტყუილზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. შანტაჟი და მუქარა – ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია – ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას.[…] ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ საქართველოში ხელისუფლებას ქართველი ხალხი ირჩევს. დღეს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს წარმოადგენს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. გვესმის მათი პოლიტიკა და ვხედავთ იმ არასამართლიან დამოკიდებულებას, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ აქვთ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს. დღეს ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე კრიზისშია – მათი გადაწყვეტილებები, განცხადებები. თუნდაც ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხეთ, რა დამოკიდებულება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან. გასაგებია ის კონკრეტული ქვეყნების მაცხოვრებლების დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაღელვებს. ეს უსამართლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“,

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.