პროკურატურამ ბრალი წაუყენა, კიდევ ოთხ ადამიანს იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ. მანამდე მსგავს საქმეზე პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს.
პროკურატურის განცხადებით სქემა ასეთი იყო:
“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე, მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს”, – წერს პროკურატურა გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლისთვის საჭირო ისტორია, ე.წ. ქეისები და სხვა ყველა საჭირო ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე დროის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის, 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.
“ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პასუხისგებაში მიცემულ ორგანიზებული ჯგუფის წევრთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. აღნიშნული პირი სრულად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან”, – წერს პროკურატურა.
საქმეზე სასამართლოს განჩინებით ერთი ადამიანი დააკავეს, კიდევ ორს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურა სამ ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ერთ დანაშაულს ედავება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, (ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების, თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეოთხე ბრალდებულს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით წარედგინა (ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ). ეს მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















