“ძალიან სამარცხვინოა, რომ გრძელდება ე.წ. სახლობანას თამაში – “ხელისუფლებას არ ვესაუბრებით, ხალხს ვესაუბრებით”. ვის ესაუბრებიან?! ესაუბრებიან იმ NGO ორგანიზაციებს და აგენტურულ ოპოზიციას, რომლებსაც თავად აფინანსებენ. გააგრძელონ მათთან საუბარი. მათთან საუბრით რა მოიგეს?! ვერც რევოლუციით ჩაანაცვლეს ქართული ოცნება, ვერც არჩევნებით მოუგეს ქართულ ოცნებას.
ხალხი ჩვენს გვერდზე დგას და აქედან გამომდინარე, გამანადგურებელი ანგარიშით დაუსრულდათ წინა არჩევნები. მომდევნო არჩევნებზეც იგივე შედეგს მიიღებენ. სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგითი დეპუტატით დამთავრებული, ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ ბრიუსელში ჩავიდეთ, მიუხედავად ამ უსამართლო 4-5 წლისა, გადავფურცლოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი ნიშნულიდან ურთიერთობა.
ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობის პრინციპებზე და რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა იყოს ყოველთვის არგუმენტირებული. ჩვენ ამ ყველაფრით ვცილობთ, სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, ვინაიდან მათ ძალიან ღრმად აქვთ შეტოპილი და არ იციან უკან როგორ გამოვიდნენ.
ამდენი წლის განმავლობაში იყო ამდენი სიცრუე, წნეხი, შანტაჟი, ახლა რომ დასხდნენ და დაიწყონ ჩვენთან საუბარი, ვიღაცები მოკითხავენ, რატომ ჰქონდათ მკვეთრად განსხვავებული მიდგომა საქართველოს მიმართ და დღეს რატომ დასხედით და საუბარი რატომ დაიწყეთო.
დრო არ ითმენს, შუა კორიდორის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და შესაბამისად, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ, ჩვენთან დასხდნენ და საუბარი დაიწყონ.
ან ესენი მოეგებიან გონს, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ სამართლიან საფუძვლებზე დამყარებულ მოლაპარაკებებს, ან უნდა დაველოდოთ, როდის მოხდება ცვლილებები ევროკავშირში.”
აცხადებს, “ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი.















