უკრაინული დარტყმების შემდეგ ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დარტყმების შემდეგ, რუსულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ ბაშკირეთში, ქალაქ სალავატში მდებარე სტრატეგიული ნავთობქიმიური კომპლექსი სრულად გააჩერა.

13-14 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა დარტყმა მიაყენეს ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ კომპლექს „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატს“. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

იმავე ღამეს დრონები ასევე თავს დაესხნენ კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე, აფიფსკის ქარხანაზე, გელენჯიკთან გემების გადმოტვირთვის უბანზე, ტანკერებსა და საზღვაო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ 2026 წელს იყო ბენზინის ბოლო მსხვილი მწარმოებელი ქარხანა რუსეთში, რომელიც მანამდე დრონებით თავდასხმის სამიზნე არ გამხდარა. წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი AVT-6, ასევე სხვა საწარმოო ობიექტები, კომპლექსის ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა.

ბაშკირეთის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმა დაადასტურა დრონებით მასირებული თავდასხმა სალავატის სამრეწველო ზონაზე და განაცხადა, რომ ის მოიგერიეს; ამასთან, ხაბიროვმა პირდაპირ არ დაადასტურა თავად ქარხნის დაზიანება და ხანძრები ჩამოცვენილი დრონების ნამსხვრევებს დაუკავშირა.ხაბიროვის თქმით, სალავატის სამრეწველო ზონაზე „მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენოსნო აპარატების მასირებული თავდასხმა“ მოიგერიეს. კომპლექსი ადრეც, 2025 წლის სექტემბერში, ორჯერ გამხდარა უკრაინული დრონების სამიზნე.

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის კრიზისი

ანალიტიკური კომპანია EA Analytics-ის მონაცემებით, რომელსაც Bloomberg იმოწმებს, ივლისის დასაწყისიდან რუსეთი დღეში საშუალოდ 3,91 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2005 წლის მარტის შემდეგ, ანუ გასული 21 წლის განმავლობაში. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4 მილიონ ბარელზე მეტით დაბალია. Bloomberg-ის შეფასებით, ბოლო 100 დღის განმავლობაში უკრაინის ძალებმა რუსეთის საწვავმწარმოებელ ინფრასტრუქტურაზე დაახლოებით 50-ჯერ მიიტანეს დარტყმა, რითაც დააზიანეს რუსეთის 34 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან სულ მცირე 24.

წარმოების კლების ფონზე რუსეთმა ივლისის ბოლომდე აკრძალა დიზელის საწვავის ექსპორტის უმეტესი ნაწილი, მანამდე უკვე მოქმედი ბენზინისა და საავიაციო საწვავის ექსპორტის შეზღუდვების პარალელურად.

დანაკარგებმა იჩინა თავი რუსეთის შიდა ბაზარზეც. Financial Times-ის ანალიზზე დაყრდნობით, საწვავის დეფიციტმა უკვე იმოქმედა რუსეთის 50 მილიონ მოქალაქეზე, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 35%-ზე, ხოლო ივლისის დასაწყისისთვის რუსეთის რეგიონების უმეტესობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ან საწვავგამყიდველმა კომპანიებმა საწვავის რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესეს.