უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს შეუტიეს

უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარსა და სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს შეუტიეს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ტატიანა კიმმა დაწერა, ინფორმაცია კი ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. თავდასხმები ოთხშაბათს, 22 ივლისს, ღამით განხორციელდა. ორივე საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის საწყობში სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება რეგიონის ოპერატიული შტაბი. სტავროპოლის მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, ნევინომისკის საწყობზე შეტევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

ოპერატიული შტაბის ცნობით, კრასნოდარსა და დინსკაიას სტანიცაში დრონების ნამსხვრევები ორ მრავალბინიან და რამდენიმე კერძო სახლს მოხვდა. დაშავებულები არ არიან.

კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქალაქმა „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა გადაიტანა“. 16-ზე მეტი დრონი ადგილობრივ ნავთობბაზას დაესხა თავს, სადაც 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინის თავდასხმები Wildberries-ის საწყობებზე

18 ივლისს უკრაინამ Wildberries-ის კიდევ ორ საწყობს დაარტყა — ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკსა და მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში. თავდასხმების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეტევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების საპასუხო მოქმედება უწოდა.

მისი თქმით, კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებში ინახებოდა დრონებისა და სანავიგაციო მოწყობილობების წარმოებისთვის საჭირო სანქცირებული კომპონენტები და ეს ობიექტები მათი მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოიყენებოდა.

Reuters-ის შეფასებით, Wildberries-ის მუშაობის ნებისმიერი ხანგრძლივი შეფერხება, სავარაუდოდ, რუსეთის მასშტაბით უამრავ მომხმარებელზე აისახება.

კომპანიასთან ერთ მილიონზე მეტი გამყიდველი თანამშრომლობს და Wildberries ქვეყანაში ონლაინვაჭრობაზე სწრაფი გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევა.