სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
თავად სანაია სხდომას არ დასწრებია.
სანაიამ განაცხადა რომ მას ვერ აუკრძალავენ სიტყვის თავისუფლებას ვერც ჯარიმით და ვერც პატიმრობით. ის სხდომებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში ვერ განადგურდება და ეს უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმაც.
“პირველი რაც მინდა ვუთხრა, რაც არ უნდა გამოიყენონ, ეს იქნება ჯარიმა, პატიმრობა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ვერავინ ვერ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც მინდა რომ ვთქვა, გამოვხატო ისე, როგორც მე მინდა გამოვხატო. თავად ეს სხდომები, რომლებსაც მე არ ვესწრები, არის აბსურდული Facebook-ის სტატუსების დინამიკიდან გამომდინარე, ანუ რასთანაც აქვთ პრეტენზია, ის გადაწყვეტილება თავად გამოაქვს ხოლმე მოსამართლეს. იმ სიტყვებს, რომლებიც მათ არ მოსწონთ, ამას ბეჭედს ურტყამს მოსამართლე და ამბობს ყოველ ჯერზე, რომ ეს ხალხი არის ის ხალხი, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის. […]
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემს სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. ეს არის ჩემგან ნაბიჯი, იმის დასტური, რომ გამოხატვის თავისუფლება თუკი ქვეყანაში განადგურდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე და ეს ვერ მოხდება. ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა. […]
იუმორით იქნება თუ სერიოზულად იქნება, როგორც უნდა ისე აღიქვას პაპუაშვილმა ის სიტყვები საკუთარ თავზე. მისივე, მათივე სასამართლო ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ასეა… სერიოზულადაც, იუმორითაც, ეგ ხარ, შალვა. ლადო შენზე საერთოდ არ ვლაპარაკობ.” – განაცხადა სანაიამ.
მანამდე, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს. საქმე ეხება ივანიშვილის წარმომადგენლების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილ პოსტს, სადაც წერდა, “შალვა პაპუაშვილს და ლადო ბოჟაძეს ყ**ს ნუ დაუძახებთო”.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მან კვლავ გამოაქვეყნა პოსტი – “მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყ***ბად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს”.















