ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც EU-მ ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც ძალაში 6 თვეში შევა იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით არ ჩაანაცვლებს და ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
პაკეტი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინდივიდუალური ჩამონათვალების ყველაზე დიდი რაოდენობაა, 218 ახალ სუბიექტს მოიცავს — 48 ფიზიკურ და 170 იურიდიულ პირს.
რას ითვალისწინებს გადაწყვეტილება
პაკეტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, აეკრძალოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ ან ასუფთავებენ. სწორედ ამ ჩარჩოში დააწესა ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც ევროკავშირი რუსული ნავთობის ვაჭრობასა და გადამუშავებაში ადანაშაულებს.
ნავთობის სექტორში, საერთო ჯამში, დასანქცირდა 18 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი — მათ შორის რუსეთის სამი და ბელარუსის ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე ბელარუსული ნავთობპროდუქტების რუსეთში გასაყიდად შექმნილი კომპანია. პაკეტმა ტრანზაქციების აკრძალვას დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაამატა ხუთი ნავთობით მოვაჭრე პირიც.
რა პირობითობა ახლავს აკრძალვას
ევროკავშირის მაღალჩინოსნის განმარტებით, თუ ქარხნის მფლობელი და ოპერატორი კომპანია — ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) — ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას შეასრულებს და რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით ჩაანაცვლებს, ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წინადადებით მიმართავს ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში, აკრძალვა ძალაში დარჩება.
BSP-მ ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან ქარხანა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა.
- ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირება რამდენიმე თვის წინაც იგეგმებოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. თუმცა, მაშინ ყულევი სანქციების სიიდან ამოიღეს.















