რუსეთში სამგზავრო გადაყვანების დაახლოებით 95%-ს დასავლური წარმოების, ძირითადად Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავები ასრულებს. საშუალო და შორ მანძილზე კი დასავლურ ბორტებზე დამოკიდებულება პრაქტიკულად 100%-ს აღწევს.
სანქციების გამო რუსეთი ამ ავიაპარკის სათანადო ტექნიკურ მომსახურებას ვეღარ ახერხებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, თვითმფრინავების მნიშვნელოვან ნაწილს მწარმოებლების მიერ განსაზღვრული გარანტირებული რესურსი უკვე ამოწურული აქვს.
მათ საჭირო სერტიფიკატების გარეშე არემონტებენ, დეტალების დამზადებას თავად ცდილობენ ან სათადარიგო ნაწილები მესამე ქვეყნების გავლით შეაქვთ.
ამის ფონზე რუსეთში ფართოდ გავრცელდა ე.წ. „საავიაციო კანიბალიზმი“ — თვითმფრინავებს ნაწილებად შლიან, რათა სხვა ბორტებმა ფრენა განაგრძონ. სათადარიგო ნაწილებისთვის ზოგჯერ ახალ და სრულად დაკომპლექტებულ თვითმფრინავებსაც კი იყენებენ.
რუსეთის მიერ საკუთარი სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოებასაც მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. მოსკოვი 2030 წლამდე თითქმის ათასი სამოქალაქო ბორტის წარმოებას გეგმავდა და პროგრამაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებდა, თუმცა ამჟამად წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 26 თვითმფრინავის გამოშვება შეუძლია.
МС-21-სა და „სუპერჯეტს“ ძრავებთან და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. რუსეთმა ვერც მოძველებული Ан-2-ისა და Ан-24/26-ის სრულფასოვანი შემცვლელების შექმნა შეძლო.
ამასთან, რუსეთის 158 აეროდრომი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით მუშაობს, ხოლო 134 აეროდრომს რეკონსტრუქცია ან კაპიტალური რემონტი სჭირდება.















