საქართველოს დიდ ნაწილს დილიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

დღეს დილის 8 საათიდან საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეუწყდა. ეს არის მეორე მასშტაბური გათიშვა ბოლო ორ დღეში.

სისტემური გათიშვის მიზეზი უცნობია.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ არ მუშაობს მეტროც. ასევე გაჩერებულია საქართველოს რკინიგზა.

მთელ საქართველოში ელექტროენერგია გაიშითა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და აღდგენა მხოლოდ 2 საათის შემდეგ დაიწყო.  მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

დღევანდელ გათიშვასთან დაკავშირებით კი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს, რომ დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის­ მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას” , – ნათქვამია ინფორმაციაში.