ჩინეთის სავალუტო კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ (SAFE) რთულად აგებული ჯაჭვებისა და ფიქტიური კომპანიების მეშვეობით კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპული ინფრასტრუქტურის, კომუნალური მომსახურებისა და უძრავი ქონების აქტივებში წილები შეიძინა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) გამოძიებაში, რომელიც პარასკევს, 24 ივლისს გამოქვეყნდა.
გამომძიებლებმა მთლიანობაში SAFE-თან დაკავშირებული, ლუქსემბურგში რეგისტრირებული 28 კომპანია აღმოაჩინეს, რომლებმაც ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროპის რვა ქვეყანაში ათეულობით აქტივში მინორიტარული წილები შეიძინეს. SAFE ჩინეთის ცენტრალურ ბანკს ექვემდებარება და ქვეყნის სავალუტო რეზერვებს მართავს.
აქტივები — გაზის ქსელიდან საბორნე გადასასვლელამდე
მაგალითად, ესპანეთში SAFE-მა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიებისა და ლუქსემბურგული ჰოლდინგებისგან შემდგარი ჯაჭვის მეშვეობით ბუნებრივი აირის მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიაში 33,75%-იანი წილი შეიძინა. ეს კომპანია მადრიდის რეგიონში ასობით ათას სახლსა და საწარმოს ამარაგებს.
უელსსა და შოტლანდიაში SAFE ანალოგიური, რთულად გასაგები სქემის მეშვეობით სამ მსხვილ სახმელეთო ქარის ელექტროსადგურში 49%-იან წილს ფლობს. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მას ეკუთვნის კუნძულ უაიტთან დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელის აქციების დაახლოებით 10% და კომერციული უძრავი ქონების ობიექტები, მათ შორის ბრისტოლში მდებარე სავაჭრო ცენტრი Cabot Circus, ლესტერთან ახლოს მდებარე Fosse Shopping Park, ასევე რამდენიმე ბრიტანულ უნივერსიტეტთან არსებული სტუდენტური საცხოვრებლები.
საფრანგეთში SAFE ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანაზე მომუშავე კომპანია Vauban Infra Fibre SAS-ის აქციების დაახლოებით 1%-ს აკონტროლებს, ხოლო ამსტერდამში უძრავი ქონების მართვის კომპანიაში ირიბად 50%-იან წილს ფლობს.
ბრიუსელში კი SAFE კომპანიების ჯაჭვის მეშვეობით ნაწილობრივ ფლობს საოფისე შენობას, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები, მათ შორის ევროკომისია, სარგებლობენ. მას ასევე აქვს წილები ბელგიურ კომპანიაში, რომელსაც ბრიუსელის ცენტრში მდებარე თანამედროვე საოფისე შენობა ეკუთვნის. ამ შენობაში ბელგიის ფედერალური პოლიციის შტაბ-ბინაა განთავსებული.
პოლონეთში SAFE ირიბად აკონტროლებს ცხრა კომპანიას, რომელთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ცხრა ლოჯისტიკური ცენტრია განთავსებული.
ჩინეთის საკითხების ექსპერტი: ჩინეთი ევროპის ეკონომიკის „ნერვულ კვანძებში“ კლასიკური ინვესტორივით მოქმედებს
OCCRP-ის გამოძიების მიხედვით, პეკინი ერთდროულად აბანდებს სავალუტო რეზერვებს საიმედო აქტივებში და აძლიერებს საკუთარ სტრატეგიულ გავლენას, — განაცხადა გამოცემა The Insider-თან საუბრისას ჩინეთის საკითხების ექსპერტმა და ანალიტიკური ცენტრ NEST-ის სპეციალისტმა ალექსეი ჩიგადაევმა.
„ერთი მხრივ, SAFE უზარმაზარ რეზერვებს მართავს და ამ შემთხვევაში კლასიკური კონსერვატიული ინვესტორივით მოქმედებს. ინფლაციისა და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების დაბალი შემოსავლიანობის პირობებში SAFE თავის პორტფელს ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელებით, ქარის ელექტროსადგურებითა და ლოჯისტიკური ცენტრებით დივერსიფიცირებს. ეს იდეალური დამცავი აქტივებია. ისინი ათწლეულების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში დივიდენდების სტაბილურ და პროგნოზირებად ნაკადს უზრუნველყოფენ“, — განმარტავს იგი ინვესტიციების მიზანს.
მეორე მხრივ, ექსპერტის თქმით, ჩინეთი საკუთარ კაპიტალს ევროპის საბაზისო სექტორებში ამკვიდრებს და თავის არსებობას „ევროპული ყოველდღიურობის განუყოფელ და რთულად მოსაშორებელ ნაწილად“ აქცევს.
ჩიგადაევის შეფასებით, ჩინეთი ამ გზით ევროპის ეკონომიკის „ნერვულ კვანძებში“ ახორციელებს ინვესტიციებს.















