ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა შაბათს, 25 ივლისს, ომსკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისას უკრაინაში ომის „გაყინვის“ წინადადება წამოაყენა. ტოკაევის განცხადებისა და პუტინის რეაქციის ამსახველი ფრაგმენტი სააგენტო TASS-მა გამოაქვეყნა.
ტოკაევმა ეს განცხადება პუტინთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ორი ქვეყნის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი 24–25 ივლისს გაიმართა. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად „არავინ იცის, როგორ გამოვიდეს ამ ვითარებიდან, რადგან მხარეებს თავიანთი პოზიციები აქვთ“. ამასთან, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ „შესაძლოა, ეს კონფლიქტი უკვე უნდა გაიყინოს და სტამბოლის ფორმულა 2.0-ს დავუბრუნდეთ, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იყო მიღწეული“.
ტოკაევის თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით მას ევროპიდან და აშშ-დან „ბევრი სიგნალი“ მისდის, რომელთა შესახებაც მან პუტინს მანამდეც აცნობა. ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა უარს ამბობს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევაში შუამავლის როლის შესრულებაზე.
ტოკაევი: ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის ბოლომდე გასაგები არ არის
ტოკაევმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომი „სახელმწიფოებს შორის კონფლიქტია“ და „აქ რაიმე სახის სამოქალაქო ომზე საუბარი არ არის“.
„ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებოდით უკრაინელ ხალხს, მის კულტურასა და ენას და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის“, — აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ „ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს“, რადგან უკრაინაში ომი „ხელს აძლევს და ახარებს“ როგორც მოსკოვის, ისე კიევის მოწინააღმდეგეებს.
ამასთან, ტოკაევმა აღნიშნა, რომ პუტინმა „მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა“ გამოიჩინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ამერიკის ქალაქ ანკორიჯში გაიმართა.
პესკოვი: ომის გაყინვა შეუძლებელია
პუტინმა, უკრაინის ომთან დაკავშირებით ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადების მოკლე კომენტირებისას, მას დაჰპირდა, რომ დღის განმავლობაში „აუცილებლად მიაწვდიდა დეტალურ ინფორმაციას“ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა „უკრაინის მიმართულებით“.
რამდენიმე საათის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა ომის შესახებ „ყველაფერი დეტალურად უამბო“.
„კიევის პოზიციის გათვალისწინებით, ომის გაყინვა, როგორც ასეთი, შეუძლებელია. ჩვენთვის მთავარი პირობა არსებობს — უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. ისინი გასაგები და თანმიმდევრულია. ამიტომ ყველაფერი შეიძლება დღესვე, დღის ბოლომდე შეჩერდეს, თუ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს“, — ციტირებს კრემლის წარმომადგენელს სააგენტო „ინტერფაქსი“.















