„ბიძინა ყ*ეა? კი – არა”, – ამ ბანერის ჭერის გამო თბილისის საკრებულოსთან პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ მოქალაქე ნოდარ წიწრიაშვილი დააკავა.
პროტესტის ნიშნად თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ. მათ იგივე შინაარსის ბანერები უჭირავთ ხელში, რაც გუშინ დაკავებულ მოქალაქეებს ჰქონდათ.
გუშინ, 26 ივლისს საკრებულოსთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, რომელთაც, უწყების შეფასებით, „შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ“. მოქალაქები საკრებულოსთან იდგნენ ფურცლებით, რომლებზეც სხვადასხვა შინაარსის ტექსტები იყო დატანილი.
მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოგა მემანიშვილი, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ მოქალაქე “თეთრ ფურცელზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს“, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ერთი პირი ადმინისტრაციულად არის დაკავებული.
“რა მნიშვნელობა აქვს თეთრზე იქნება თუ შავზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ვინც დააშავა, ის დავაკავეთ”, – განაცხადა მემანიშვილმა.
მას, ასევე, ჟურნალისტმა ჰკითხა, გუშინდელ აქციაზე მოქალაქეების დაკავების თაობაზე და პოლიციის მხრიდან ქმედებებზე, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ დარღვევის შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებას და იქნება რეაგირება.















