მიგრანტებმა, რომლებმაც მაროკოდან ესპანეთში საზღვარი გაარღვიეს, უკან დაბრუნება დაიწყეს. ესპანეთის პრემიერი საზღვარზე მომხდარ გარღვევაში კრიმინალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

ესპანეთის ხელისუფლება „თავდასხმას“ უწოდებს მიგრანტთა მასობრივ ნაკადს სეუტის ანკლავში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აფრიკულ სანაპიროზე მდებარეობს. არსებული მონაცემებით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაროკოდან ზღვით სეუტის კონცხზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი გადავიდა. ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, პარასკევს საღამოსთვის მიგრანტთა უმრავლესობამ სეუტა დატოვა და მაროკოში დაბრუნდა.

თუმცა ევროკავშირის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ევროპულ ტერიტორიაზე უცხოელთა ასეთი უკონტროლო ნაკადის გამო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ გააფრთხილა, რომ საფრთხე ემუქრება შენგენის შეთანხმებას, რომელიც ევროპის შიდა საზღვრებზე თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს, იტალიამ ესპანეთთან შენგენის რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. იტალიას ესპანეთთან საერთო სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თუმცა გადაწყვეტილება შეეხება მათ, ვინც ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავით ან საზღვაო ტრანსპორტით მოგზაურობს.

მანამდე, პარასკევს, იტალიის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ სეუტიდან გავრცელებულ რეპორტაჟებში ნანახს „შოკისმომგვრელი“ უწოდა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „უკონტროლო იმიგრაცია“ ევროკავშირის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

პარასკევს საღამოს საფრანგეთმა განაცხადა, რომ მზადაა ესპანეთს სეუტაში მიგრანტთა ნაკადის მართვაში დაეხმაროს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანაშემწის თქმით, პრეზიდენტმა ესპანეთთან საზღვარზე კონტროლის გაძლიერების განკარგულება გასცა. „საფრანგეთი მზადაა, ესპანეთის ხელისუფლებას ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს“, — განაცხადა მაკრონის თანაშემწემ. იგი ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის რესურსებს გულისხმობდა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხუთშაბათ საღამოდან სეუტაში ზღვით, ცურვით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შევიდა, ძირითადად ახალგაზრდა კაცები. თავად სეუტის ხელისუფლებამ უცხოელთა რაოდენობა 60 ათასად შეაფასა. 18 კვადრატული კილომეტრის ფართობის ქალაქ-ანკლავის ესპანელი მოსახლეობა დაახლოებით 80 ათას ადამიანს შეადგენს.

პარასკევს დაახლოებით 37 500 უცხოელი უკან დაბრუნდა. ხმელეთზე გადასვლის მცდელობისას, კედელთან წარმოქმნილ ჭყლეტაში, რომელზეც სასაზღვრო ღობეა დამონტაჟებული, სულ მცირე 57 მიგრანტი დაიღუპა. მათი ცხედრები წყლიდან ამოასვენეს.

მაროკოს მხრიდან საზღვართან, რომელიც ისედაც კარგად არის გამაგრებული ფოლადის ღობეებითა და მავთულხლართებით, შეტევითი პოლიციის დანაყოფები განალაგეს. პოლიცია ბრბოს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით შლის. სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტების ცნობით, საზღვართან რამდენიმე დამწვარი ავტომობილისა და ავტობუსის ნარჩენები ჩანს.

მიგრანტები საზღვრისა და ღობეში გაჩენილი ხვრელების გავლით უკან, მაროკოს ტერიტორიაზე ბრუნდებიან. „სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, აქ რატომ წამოვედი. მივდივარ“, — უთხრა ჟურნალისტებს ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც თქვა, რომ მაროკოს ქალაქ ტანჟერიდან იყო. „გუშინდელი დღიდან არაფერი მიჭამია, მიუხედავად იმისა, რომ ფული წამოვიღე. აქ კარგი და სასიამოვნო არაფერი ყოფილა“.

„გემუდარებით, აქ ნუ ჩამოხვალთ, ამას ნუ გააკეთებთ. აქ ადამიანები იღუპებიან“, — მიმართა მან ჟურნალისტების მეშვეობით მაროკოს სხვა მცხოვრებლებს.

სეუტაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩავიდა. ადგილობრივები მას ხმამაღალი საპროტესტო შეძახილებითა და შეურაცხყოფით შეხვდნენ. სანჩესმა განაცხადა, რომ უცხოელთა მასობრივი შეღწევა ანკლავში ესპანეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევაა. მისი თქმით, მათ, ვინც სეუტაში არალეგალურად შევიდა, სწრაფად გააძევებენ, ხოლო მაროკო ამ პროცესში ანკლავის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

მაროკოს საზღვრის მასობრივი გარღვევის შემთხვევები წარსულშიც ყოფილა. ბოლო წლებში მსგავსი აქციები ზაფხულის თვეებში სოციალური ქსელების მეშვეობით იგეგმება. ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 2021 წელს მოხდა, როდესაც დასავლეთ საჰარის სტატუსთან დაკავშირებით მადრიდთან უთანხმოების გამო მაროკოს ხელისუფლებამ სეუტაში 8 ათასი ადამიანი შეუშვა. მაროკო დასავლეთ საჰარას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ესპანეთი კი ამ ტერიტორიისთვის შეზღუდული ავტონომიის მინიჭებას უჭერს მხარს.

ვარაუდობენ, რომ ამ, მსგავსი ტიპის ყველაზე მასშტაბური ინციდენტის მიზეზი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. სასამართლომ ივლისში დაადგინა, რომ ანკლავის ხელისუფლებას აღარ შეუძლია ავტომატურად დააბრუნოს მაროკოში ისინი, ვინც სეუტასა და მელილიაში — აფრიკის სანაპიროზე მდებარე კიდევ ერთ ესპანურ ანკლავში — ზღვით შევიდნენ. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამჟამად უცხოელთა გაძევებას ხელს არ უშლის.

ჩვეულებრივ, არალეგალებს სასაზღვრო ნაგებობებისა და მაროკოელი მესაზღვრეებისთვის გვერდის ასავლელად დიდი მანძილის გავლა უწევთ. გაურკვეველია, ამჯერად როგორ შეძლეს მათ მაროკოს მხრიდან ღობესთან ასე ახლოს მისვლა და რატომ არ შეუშალა ხელი მაროკოს სასაზღვრო სამსახურმა, ან რატომ არ დაშალა იქ შეკრებილი ბრბო.

სააგენტო France-Presse-ის კორესპონდენტები მაროკოს ქალაქ ფნიდკში, სეუტის საზღვართან შეკრებილ ადამიანებს გაესაუბრნენ. მათ გაარკვიეს, რომ ხალხი იქ სეუტის საზღვრის თითქოს გახსნის შესახებ გავრცელებულმა ჭორმა მიიზიდა.

„ტანჟერში ვიყავი და ვმუშაობდი“, — უთხრა ჟურნალისტებს ფნიდკში ჩასულმა ქალმა, სახელად ზაჰრამ. „დილით გავიღვიძე და გავიგე, რომ სეუტა გახსნეს. მაშინ ყველას ვუთხარი, რომ იქ სამუშაოს მოძებნას ვცდიდი, რაც უნდა მომხდარიყო“.

ესპანელმა კარმენ გონსალეს ბერმუდესმა, რომელიც სეუტაში მშობლების სანახავად ჩავიდა, განაცხადა, რომ მომხდარით გაოგნებული იყო. მისი თქმით, მან დაინახა „ათასობით და ათასობით სველი ადამიანი, რომლებიც ზღვიდან გამოდიოდნენ“.

„მესმის, რომ მათი უმრავლესობა ჩვეულებრივი ადამიანია, რომლებიც უბრალოდ უკეთესი მომავლის პოვნას ცდილობენ. მაგრამ ჩვენ მათ ამის მიცემა არ შეგვიძლია“, — უთხრა მან BBC-ს.

მათ შორის, ვინც საზღვრის გარღვევის მცდელობის საფრთხე გააცნობიერა, იყო კაცი სახელად აბდელჰაკიმი. მისი თქმით, ფნიდკამდე მისასვლელად „მთებში“ ფეხით 14 კილომეტრი გაიარა.

„როდესაც მივედით, გვითხრეს, რომ ღობისთვის ზღვით უნდა შემოგვევლო. ტალღამ გადამიარა და დავინახე, რომ ჩემ წინ ორი კაცი დაიხრჩო“, — განუცხადა მან France-Presse-ს. „მაშინ გამახსენდა, რომ ორი შვილი მყავს და მივხვდი, რომ ასეთი რისკი არ ღირდა“.

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სეუტაში საკმარისი რაოდენობის პოლიციელი არ იყო ღობის პერიმეტრის გასაკონტროლებლად და დასაცავად. პრემიერ-მინისტრ სანჩესის თქმით, ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ისარგებლეს და ჭორები გაავრცელეს. მისი სიტყვებით, ეს ჭორები „ტყის ხანძარივით გავრცელდა“. პრემიერმა პირობა დადო, რომ მთავრობა მაროკოსთან საზღვრის გაძლიერების საკითხს განიხილავს.

მას შემდეგ, რაც იტალიამ განაცხადა, რომ ესპანეთთან შენგენის რეჟიმის შეჩერების საკითხზე იმსჯელებდა, მადრიდის ხელისუფლებამ მკვეთრი რეაგირება მოახდინა. იტალიის ელჩი ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები არ შეეფერება „პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, რომლისგანაც ევროპულ სოლიდარობას და არა პოლიტიკურ დემაგოგიას ველით“.

თუმცა იტალიის პოზიციას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაეთანხმა და განაცხადა, რომ ესპანეთმა საკუთარი საზღვრების დაცვა ვერ შეძლო.

სეუტაში მომხდარი ინციდენტი მიგრაციის საკითხზე ახალი განცხადებების გასაკეთებლად აშშ-ის პრეზიდენტმაც გამოიყენა.

„იცით, გუშინ ვნახე, რა ხდება ესპანეთში და ამ კატასტროფას შევხედე. ეს ასიათასობით ადამიანის შემოსევას ჰგავს. იგივე მოხდება ჩვენთანაც, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებს არ აირჩევენ. ოღონდ კიდევ უფრო უარესად“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.