მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე სტალინურ ცათამბჯენში განთავსებულ იტალიურ რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
პირველადი ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევდა.
Baza-ს მიერ გამოკითხული კურიერ-დამტანებელი ამტკიცებს, რომ დაწესებულებაში „ქორწილი იყო, ალბათ, დაახლოებით 50 ადამიანზე“. არხის რესპონდენტის თქმით, მან ძლიერი „აფეთქების ხმა“ გაიგონა და დაინახა, როგორ გამოჰყავდათ რესტორნიდან სისხლიანი ადამიანები.
რუსულმა რესურსებმა Mash-მა, Baza-მ და „Осторожно, новости“-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საუბარია რესტორან Balzi Rossi-ზე, რომელიც მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე სტალინურ ცათამბჯენშია განთავსებული. რესტორნის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომ 1 აგვისტოს ის კერძო ღონისძიების გამო დაკეტილი იქნება.
ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, რამ გამოიწვია აფეთქება. შემთხვევის შესახებ პირველ ცნობებში გაზის აფეთქებაზე იყო საუბარი. ამასთან, მოსკოვის საცხოვრებელი ფონდის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი რესურსები აღნიშნავენ, რომ 1954 წელს აშენებულ კუდრინსკაიას მოედნის ცათამბჯენში გაზი საერთოდ არ არის შეყვანილი.
შემთხვევის ადგილთან ახლოს ათობით ველოსიპედისტი მოსკოვის ღამის ველომსვლელობისთვის იკრიბებოდა. მომხდარის გამო სპორტული ღონისძიება გაუქმდა.
რუსული მედია წერს, რომ მოსკოვის რესტორანში აფეთქების დროს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ ჩაიკო, სავარაუდოდ, დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არანაირი დადასტურება არ აქვს.
2022 წელს ჩაიკო რუსეთის ჯარების დაჯგუფება „აღმოსავლეთს“ ხელმძღვანელობდა. მის დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფებს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს, წამებასა და ნგრევას უკავშირებენ.















