აზერბაიჯანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაუგზავნა. ინფორმაციას, actual.ge-ი ავრცელებს. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების (TIR) შეფერხებაა — მძღოლები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საბაჟო პუნქტებზე არიან შეჩერებული და გადაადგილების ნებართვას ელოდებიან.
პრობლემები ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისის საბაჟო გაფორმების ცენტრში შეიქმნა.
მძღოლები აცხადებენ, რომ პასუხისმგებელ პირებს მათთვის შეჩერების მიზეზები ან დამატებითი დოკუმენტაციის საჭიროება არ განუმარტავთ და საბაჟოს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაზეც მიუთითებენ.
აზერბაიჯანის საელჩოში აცხადებენ, რომ საკითხი კონტროლზეა აყვანილი და შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად განხილვები საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მიმდინარეობს.



