ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთის მიერ შავ ზღვაში საზღვაო დრონის განადგურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ “მუქარების მზარდი კამპანია” მიმდინარეობს, რაც მან “ჰიბრიდულ ომად” დაახასიათა.
“დღეს რუმინეთმა შავ ზღვაში Neptun Deep-ის პლატფორმასთან ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა. მიმდინარეობს მუქარების მზარდი კამპანია, რაც ჩვენს მოქალაქეებში შეშფოთებას იწვევს და ჩვენი კავშირის დაყოფას ცდილობს. ეს ჰიბრიდული ომია.” – დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ მედიაში.
ლაიენის თქმით, EU-ს თავდაპირველი მისია მშვიდობის შენარჩუნებაა, რაც დღეს “პროვოკაციისა და აგრესიის შეკავების უნარის ქონასაც ნიშნავს”.
“ჩვენი Readiness 2030-ის დღის წესრიგი €800 მილიარდამდე რესურსის მობილიზებას გულისხმობს. ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივისა და აღმოსავლეთ ფლანგის მონიტორინგის ფარგლებში ევროპაში წარმოებას ვზრდით, რათა წევრ სახელმწიფოებს მათთვის საჭირო შესაძლებლობები მივაწოდოთ. ასე ჩვენ წარმოშობილ საფრთხეებს სისწრაფით, ერთიანობითა და სიმტკიცით ვუპასუხებთ.” – დაამატა მან.



