პროკურატურის ცნობით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ ორ პირს ბრალი წარედგინა. უწყება სასამართლოს ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოსთხოვს.
პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს გ. გ.-მ საქმეზე ბრალდებულ ვ. კ.-ს ნარკოტიკული საშუალება — მეთადონი (ფუძე) გადასცა. ვ. კ.-ს ჩვენებით, ამ ნივთიერების ნაწილი 23 აგვისტოს მან და დაურ ბუავამ მოიხმარეს, ხოლო დანარჩენი ბუავას საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოიღეს.
გამოძიების მონაცემებით, გ. გ. ასევე უკანონოდ ინახავდა 6,27 გრამ მეთადონს (ფუძეს), რომელიც რეალიზაციისთვის 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული. სამართალდამცველებმა ეს ნივთიერება 29 აგვისტოს ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
იმავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ს. ბ.-მ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რომელიც ასევე 29 აგვისტოს, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
გ. გ.-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და უკანონო გადაცემა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ს. ბ.-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით — ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა.

