აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის მხარდასაჭერად მილიონობით დოლარის გამოყოფას გეგმავს. როგორც სააგენტო Reuters-ი სამშაბათს, 1 სექტემბერს იუწყება, ევროპულ ქვეყნებში „კონსერვატიული ინიციატივების ხელშემწყობი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების“ დასაფინანსებლად გათვალისწინებული 25 მილიონი დოლარიდან 4 მილიონი ევროპულ მემარჯვენე-კონსერვატიულ მედიას მოხმარდება.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, 3 მილიონი დოლარი განკუთვნილია პროგრამისთვის, რომელიც ევროპაში დემოკრატიული ნორმებიდან უკანდახევას შეისწავლის და გააანალიზებს. ყურადღება გამახვილდება მასობრივ და არალეგალურ მიგრაციაზე, დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობასა და ზენაციონალური სტრუქტურების საკანონმდებლო ინიციატივებზე.
არასამთავრობო მედიის ჟურნალისტების მხარდაჭერა
კიდევ 1 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება ორგანიზაციის შესაქმნელად, რომელშიც გაერთიანდებიან ჟურნალისტები, რომლებიც სახელმწიფო მედიაში არ მუშაობენ და აშუქებენ ისეთ თემებს, როგორიცაა ეროვნული სუვერენიტეტი, ბუნებითი უფლებები და რელიგიური თავისუფლება ევროპაში.
ამ გრანტებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპის მთავრობებს შორის. ბოლო წლებში რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ვაშინგტონი და ტრამპის მხარდამჭერი ილონ მასკი მათი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში უკვე დაადანაშაულა.
მაგალითად, უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ ტრამპი ღიად მოუწოდებდა ამომრჩევლებს, ხმა ვიქტორ ორბანისთვის მიეცათ, ხოლო მასკი ცნობილია გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის — „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) — მხარდაჭერით.

