რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ სააგენტო „რია ნოვოსტიში“ (РИА Новости) სკანდალური შემთხვევა მოხდა, რამაც საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო.
დღეს, 2026 წლის 25 სექტემბერს, სააგენტოს მთავარ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რუსეთს კიდევ ერთი სვო (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) ელის. ის იქნება ძალიან მოკლე“. სტატიაში ავტორი ლიეტუვას პირდაპირი სამხედრო აგრესიითა და ბირთვული დარტყმით დაემუქრა, თუმცა მასალა გამოქვეყნებიდან სულ რაღაც 3 საათში საიტიდან სასწრაფოდ წაშალეს.
სტატია იყო პასუხი ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მხარი დაუჭირა აკრძალვის გაუქმებას ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.
სტატიის ავტორმა, ალექსანდრ ნოსოვიჩმა, ლიეტუვას უწოდა „თვითმკვლელი ქვეყანა უტვინოდ“. მან დაწერა, რომ ბალტიისპირეთში გეოგრაფიის გამო უკრაინის მსგავსი ხანგრძლივი ომი ვერ იქნება და რუსეთს შეუძლია სახმელეთო ჯარების შეყვანის გარეშე, პირდაპირ გამოიყენოს რაკეტები „შესაბამისი მუხტით“ (რაც ბირთვულ ქობინებს გულისხმობს).
მას შემდეგ, რაც ამ მასალას საერთაშორისო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, „რია ნოვოსტიმ“ ის სრულად წაშალა. მოგვიანებით სააგენტომ განმარტებაც დადო, სადაც ნათქვამია:
„გარეშე ავტორის, ალექსანდრ ნოსოვიჩის სტატია წაიშალა საიტიდან, რადგან ის არ შეესაბამება რედაქციის აზრს, სარედაქციო პოლიტიკასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკას“.
ალექსანდრ ნოსოვიჩი არის კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსი და პრორუსული პორტალის, RuBaltic-ის მთავარი რედაქტორი. საგამოძიებო პროექტების ინფორმაციით, ის პირდაპირ კავშირშია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურსა და პუტინის ადმინისტრაციასთან.
დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სტატია წაშალეს, რუსულ სახელმწიფო მედიაში ასეთი ტექსტის გამოჩენა კრემლის მხრიდან ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ ბირთვული შანტაჟისა და აგრესიის ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა იყო.


