აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ციმბირში მდებარე რუსულ სამეცნიერო ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ცნობებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ მიუხედავად აშშ-სა და რუსეთს შორის უკიდურესად შეზღუდული მიმოსვლისა, მსგავსი საშიში პათოგენების გავრცელების რისკი ყოველთვის მოითხოვს ფოკუსირებას.
რუბიოს თქმით, სიტუაცია ამ ეტაპზე „განგაშის საფუძველს არ იძლევა, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს“.
განგაშის მიზეზი გახდა ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის დარია შიპილოვას გარდაცვალება.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურმა – „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა „დაუდგენელი ეტიოლოგიის ფილტვების ანთებით“ (პნევმონიით) და მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ნიმუშებში შავი ჭირის მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა.
„მასთან კონტაქტში მყოფ პირებს შორის გამოვლინდა COVID-19-ის ორი და რინოვირუსული ინფექციის ორი შემთხვევა; სხვა ინფექციური აგენტები იდენტიფიცირებული არ ყოფილა“, – განაცხადა უწყებამ.
მიუხედავად უარყოფისა, რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო ანტიეპიდემიური ზომები აამოქმედა. ირკუტსკში სასწრაფოდ ჩაფრინდა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ანა პოპოვა. ამ წუთებში, პოტენციური ინფიცირების რისკის გამო, სამედიცინო მეთვალყურეობისა და კარანტინის ქვეშ იმყოფება 200-მდე ადამიანი, რომლებიც გარდაცვლილთან კონტაქტში იყვნენ.
ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობა სტაბილურად შეაფასა. „სიტუაცია რჩება ჩვენი და ექსპერტების კონტროლის ქვეშ“, — განაცხადა მან.
მეზობელი ბურიატიის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა კი შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ თავდაპირველად დაადასტურა, რომ ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით დაამატა სიტყვა „შესაძლოა“.
ირკუტსკის რეგიონულმა ხელისუფლებამ შაბათს გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც მცხოვრებლებს სთხოვდა, შავი ჭირის გამო თავი შეეკავებინათ შელეხოვში გამგზავრებისგან, თუმცა მოგვიანებით ის წაშალა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს ჟურნალისტებს მოუწოდა, ფოკუსირება მოახდინონ „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ განცხადებებზე და არა „სხვადასხვა ჭორებსა თუ სხვადასხვა სპეკულაციებზე“.
ამასთან, „როსპოტრებნადზორს“ არ განუმარტავს, თუ რატომ იქნა ათობით თანამშრომელი იზოლირებული და რატომ დაწესდა შეზღუდვები ერთდროულად რამდენიმე საავადმყოფოში, თუკი ტესტის შედეგები უარყოფითი იყო.
შავი ჭირი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა.


