რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა ნავთობტანკერ Aframax Rio-ს შეუტიეს.
მანამდე გემზე მასშტაბური ხანძრის შესახებ ინფორმაცია რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. ინტერნეტში გამოჩნდა კადრები, რომლებზეც ჩანს კვამლის უზარმაზარი სვეტი და წყლის ზედაპირზე დამწვარი ნავთობი.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, ნავთობით დატვირთული გემი უპილოტო კატარღების თავდასხმის ობიექტი გახდა“.
„23-კაციანი ეკიპაჟი – ყველა მათგანი ინდოეთის მოქალაქეა – გადარჩენილია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა“, – წერს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
უწყების ცნობით, „შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობი ღიად იწვის“, ხოლო ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ცეცხლის ინტენსივობა შემცირდება და სამაშველო გემები ტანკერთან უსაფრთხოდ მიახლოებას შეძლებენ.
სოჭის მერი ანდრეი პროშუნინი წერს, რომ ქალაქის ოპერატიულმა შტაბმა სანაპიროებსა და პლაჟებზე ადამიანების დაშვება დროებით აკრძალა.
„ვთხოვ სოჭის მცხოვრებლებსა და სტუმრებს, საფრთხეში ნუ ჩაიგდებენ თავს და პლაჟებისა და სანაპიროების გახსნის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას დაელოდონ“, — ნათქვამია მის განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლებას ტანკერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
ტანკერი Aframax Rio უკრაინის სანქციების სიაშია შეყვანილი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან კავშირის გამო. ეს ფლოტი რუსული ნავთობის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ტრანსპორტირებაში მონაწილეობს.


