შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სულუხიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო – სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
“წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, – აცხადებენ შსს-ში.
მომღერალმა მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს და მისგან იმ დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ, რომელთანაც კავშირი არ ჰქონია.
შემთხვევა, სულუხიას თქმით, 7 ოქტომბერს, საღამოს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისთვისაც პასუხის გაცემის ნება არ დამრთეს“, – დაწერა სულუხიამ.
მისი თქმით, შემოწმებისას მას არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და სრულიად ფხიზელი იყო.
„დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა ვერ შეძლო, დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ“, – წერდა სულუხია.
„მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რომელთანაც კავშირი არ მაქვს“.
მისი თქმით, „დაჯგუფებისგან“ გაქცევის შემდეგ ფეისბუკზე სტატუსის გამოქვეყნება უცნობი ახალგაზრდების დახმარებით შეძლო. სულუხია „ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას“ ითხოვდა და სახალხო დამცველთან გასაუბრების სურვილს გამოთქვამდა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მასთან შეხვედრისთვის მზად არიან.
მოგვიანებით სულუხიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მეგობრებო, სამშვიდობოს ვარ. ჩემს ქვეყანაში მშვიდად ცხოვრებას არაფერი მირჩევნია. თუმცა მომიწევს სიმართლის საჯაროდ და შესაბამის ადგილზე თქმაც…“


