ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის სამიზნე. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ნახევარკუნძულის „ხელმძღვანელმა“ სერგეი აქსენოვმა დარტყმისა და ხიდზე მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. თავის ტელეგრამარხზე აქსენოვმა ადგილობრივებსა და ტურისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ხიდის მიმართულებით მგზავრობისგან და მარშრუტების დაგეგმვისას მოქმედი შეზღუდვები გაითვალისწინონ.
უკრაინული მონიტორინგის რესურსის, „ყირიმის ქარის“, ცნობით, ხიდისკენ ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. თვითმხილველთა ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი 227 მეტრი სიგრძის ცენტრალურ თაღს მოხვდა, რის შემდეგაც კონსტრუქცია წყალში ჩაინგრა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
თუმცა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ადასტურებს, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა სრულად შეჩერებულია “დრონების თავდასხმის შედეგად.“
უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საუბარია ხიდის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ნაწილზე. სამინისტროს ცნობით, სპეციალისტები მიყენებულ ზიანს აფასებენ.
ხიდზე მოძრაობის შეჩერების შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმაც განაცხადა. „ხიდთან მისასვლელებზე კვებისა და გათბობის პუნქტები მუშაობას განაგრძობენ. საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება“, — დაწერა მან თავის ტელეგრამარხზე. კონდრატიევმა ყირიმში მიმავალ პირებს ასევე მოუწოდა, „ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლონ“.
თავის მხრივ, მოსკოვის მიერ დანიშნული ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის, სერგეი აქსენოვის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ყირიმის მცხოვრებლებს სთხოვა, თავი შეიკავონ კრასნოდარის მხარეში მგზავრობისგან.
მიყენებული ზიანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა უკრაინული მონიტორინგის ტელეგრამარხები არსებული ვიდეოჩანაწერების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ხიდის ერთ-ერთი მალის საავტომობილო ნაწილი მთლიანად დანგრეულია.
წინა თავდასხმის შედეგები
წინა დღეს, დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც მიიტანეს იერიში ხიდზე, რისთვისაც დაახლოებით 100 დრონი გამოიყენეს. Mash-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი აპარატი ყირიმის მხრიდან მარჯვენა თაღის მიდამოში აფეთქდა. შედეგად, კონსტრუქცია დეფორმირდა და დაახლოებით 15 გრადუსით გადაიხარა.
რუსეთის სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში კონსტრუქციის შესამჩნევი გადახრა და დაზიანებები ჩანდა. უკრაინულმა ტელეგრამარხებმა კი გამოაქვეყნეს სატელიტური სურათები, რომლებზეც გზის საფარის დაზიანება სულ მცირე ორ მონაკვეთზე იკვეთებოდა. კრემლში ზიანი „უმნიშვნელოდ“ შეაფასეს. მიუხედავად ამისა, ხიდი 16 საათზე მეტხანს ჩაკეტილი რჩებოდა, გახსნის შემდეგ კი ავტომობილებს ორივე მიმართულებით მონაცვლეობით ატარებდნენ. ამჟამად ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქერჩის საბორნე გადასასვლელის გავლით ხორციელდება.
ხიდზე წინა თავდასხმები
რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ ხიდის მწყობრიდან გამოყვანა სამჯერ სცადა. 2022 წლის ოქტომბერში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი მალი დააზიანა და სარკინიგზო ცისტერნასაც მიაყენა ზიანი.
2023 წლის ივლისში საზღვაო დრონებმა Sea Baby ერთ-ერთი საავტომობილო მალი გაანადგურეს. კიდევ ერთი ოპერაცია 2025 წლის ივნისში ჩატარდა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხიდის საყრდენების ქვეშ განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.
ახალი თავდასხმების შემდეგ მშენებლობის საკითხებზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო რესურსებისა და სპეციალისტების მომზადების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება რეგიონების ხელმძღვანელობასთან სატრანსპორტო ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებსაც ათანხმებს.


