კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს – მათ გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ორიანი ეკუთვნით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავის. მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე არის შესაბამისი ფორუმი დაგეგმილი, მაშინ როდესაც საქართველო წარმოადგენს საკვანძო როლს მინიმუმ შვიდი ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია და სწორედ საქართველოს გავლით ხდება მათი დაკავშირება ევროპასთან და ევროპულ ბაზრებთან, მაშინ როდესაც შუა დერეფნის ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს აღნიშნული კონფლიქტების გათვალისწინებით, როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთ დერეფნებთან მიმართებით, მიუხედავად ყველა ფაქტორისა, საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის ბიუროკრატია ინარჩუნებს რაღაც გაბუტულის პოზას. საქართველო მაღალი რანგით უნდა იყოს წარმოდგენილი მსგავს ფორუმებში და ცოტა არ იყოს, უღირსი დამოკიდებულების ჭრილში [წარმოგვაჩინეს] და დაბალი რანგით იყო წარმოდგენილი. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ და სათანადო რეაქციაც გაგვაჩნია ყველა ასეთ ქმედებაზე.
ეს არის ის თვითდაზიანების რეჟიმი, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია განგრძობად რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც მათ საქართველოსთან დიალოგი თვითონ შეაჩერეს. ამ მოცემულობას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუსწორებს თვალს ბრიუსელის ბიუროკრატია. თქვენ ხედავთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები როგორ ააქტიურებენ და აღრმავებენ საქართველოსთან დიალოგს. იციან, რომ სწორედ საქართველო არის ის საკვანძო ქვეყანა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოს ბაზრებს, აზიის ბაზარს მათთან აკავშირებს, როგორც ენერგომატარებლებით, ასევე სხვა პროდუქციასთან მიმართებით. ამ დროს, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ თვალებზე ხელი აიფაროს, არ დაინახოს სიმართლე, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს. ამ მოცემულობაში ნამდვილად ორიანი ეკუთვნით მათ, ყველას გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღია პოლიტიკას, ჩვენს მზაობას დიალოგისკენ იქნება ეს ევრობიუროკრატია თუ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. წევრი ქვეყნებისგან ჩვენ გვაქვს აქტიური მზაობა ამ დიალოგის განხორციელებაზე. ასე რომ, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ეს ბიუროკრატია იქნება თუ სხვა ევროკავშირისა, მას სიმართლისთვის თვალის გასწორება აუცილებლად მოუწევს,” – განაცხადა მათიკაშვილმა.


