შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ში ფრენების ქვეყნის მასშტაბით შეჩერებამ რეისების მასობრივი გაუქმება და მგზავრთა გადაადგილების ქაოსი გამოიწვია.
„მიმოსვლისას Copa Airlines-ის Boeing 737-ის ფრთის ბოლო UPS-ის Boeing 767-ის ცხვირს შეეჯახა“, — განაცხადა აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA).
აეროპორტის კომუნიკაციების დირექტორმა, გრეგ ჩინმა, CNN-ს განუცხადა, რომ შეჯახება დაახლოებით 21:15 საათზე მოხდა და ორი ადამიანი დაშავდა.
„დაფრენის შემდეგ ნორმალური სიჩქარით ვმოძრაობდით, როდესაც მოულოდნელად ჩემ გარშემო საუბარი ხმამაღალი გახდა, შემდეგ ერთდროულად ყველამ შეჰყვირა და ჩვენი თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავის შეჯახებისგან შეირყა“, — უთხრა CNN-ს Copa Airlines-ის მგზავრმა, სესარ ფერეირამ.
„სალონში ვიგრძენით, როგორ გაიწია თვითმფრინავმა უეცრად გვერდზე. თავდაპირველად ზოგიერთი მგზავრი პანიკამ მოიცვა, თუმცა Copa-ს ეკიპაჟმა სწრაფად იმოქმედა და ყველა თავის ადგილას დატოვა“, — თქვა ფერეირამ.
FAA-ის განცხადებით, საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებმა UPS-ის ეკიპაჟს მითითება მისცეს, გზა დაეთმო Copa-ს თვითმფრინავისთვის. უწყება შეჯახების გარემოებებს იძიებს.
UPS-მა განაცხადა, რომ „მზად არის, შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლოს მომხდარის დასადგენად“ და აღნიშნა, რომ მისი ეკიპაჟი უსაფრთხოდ იყო.
Copa Airlines-მა განცხადებაში აღნიშნა: „ვწუხვართ იმ შეფერხების გამო, რომელიც ამ ინციდენტმა შესაძლოა ჩვენს მგზავრებს შეუქმნას. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და გამოძიების პროცესში შესაბამის უწყებებთან ვითანამშრომლებთ“.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით აეროპორტები ფრენების ჩვეულ რეჟიმში აღდგენაზე მუშაობდნენ. პარასკევს FAA-ის მიერ აფრენების შეჩერების შემდეგ ზოგიერთი მგზავრი აეროპორტის ტერმინალების იატაკზე იძინებდა და სხვა რეისზე გადაჯავშნას ელოდებოდა.
„ვიღაც დაგვეჯახა“, — ამბობს Copa Airlines-ის პილოტი საჰაერო მოძრაობის მართვის აუდიოჩანაწერში. ამ დროს დისპეტჩერი UPS-ის ეკიპაჟს ეკითხება, მოხდა თუ არა შეჯახება.
„დიახ, ზედმეტად წინ წავედით და შემდეგ ის… ის ფრთით გამოგვედო“, — პასუხობს UPS-ის პილოტი.
„როგორც ჩანს, მარცხენა ფრთის ბოლო მოგვძვრა“, — თქვა მოგვიანებით Copa-ს პილოტმა.
ფერეირას თქმით, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ კაპიტანმა გამოაცხადა, რომ უშუალო საფრთხე არ არსებობდა და თვითმფრინავის გადასაადგილებლად ბუქსირს მოიყვანდნენ.
ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავიდან 166-ვე მგზავრი და ეკიპაჟის ექვსივე წევრი ჩამოვიდა, ხოლო თვითმფრინავი ტერმინალთან დააბრუნეს.
ინციდენტის დროს Copa Airlines-ის თვითმფრინავი პანამიდან მაიამიში ახალი ჩამოფრენილი იყო, UPS-ის თვითმფრინავი კი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტისკენ გასაფრენად ემზადებოდა.


