რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შემდეგ, საწარმოო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძრები ნავთობობიექტების ტერიტორიაზე და დაშავდნენ მოქალაქეები.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა ქალაქ აზოვში საწარმოო ობიექტებზე დრონებით შეტევა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, დაშავებულია სამი მამაკაცი.
„საერთო ჯამში, აზოვში ხანძარი ოთხ საწარმოო ობიექტზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილებზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, – დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.
როგორც რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Astra ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ხანძარი, სავარაუდოდ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე ორი საწვავის ობიექტის სიახლოვეს გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი კომპანია Flash Energy-ის ნავთობბაზაა, სადაც ნავთობპროდუქტებს ინახავენ.


